როცა გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის: ქოფირაითინგის მაგალითი მაიკლ ჯორდანისგან
ქოფირაითინგი მხოლოდ წერა არ არის. ეს იმის მტკიცებულებაა, რომ ხშირად 2 სიტყვას მეტის თქმა შეუძლია, ვიდრე ათასობით სურათს. როცა სიტყვების სწორად გამოყენების მნიშვნელობაზე ვსაუბრობთ, ეს არ ეხება მხოლოდ რეკლამას და მარკეტინგს.
დღეს გაგიზიარებ ერთ არაკომერციულ მაგალითს, რომელიც ყველაზე მეტად მომწონს. ამის მიზეზი კი ერთი მარტივი ფრაზაა, რომელსაც ისტორიის ბოლოში იხილავ.
მაიკლ ჯორდანის სახელი ყველამ იცის, ის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელია. 1984 წელს, 21 წლის ჯორდანი ,,ჩიკაგო ბულზის’’ ახალწვეული გახდა. კლუბი იმ დროს არცთუ ისე წარმატებით ასპარეზობდა. თუმცა მაიკლ ჯორდანის ძალისხმევის შედეგად, ,,ბულზი’’ 1993 წლის ჩათვლით საოცარ შედეგებს აღწევდა. ლეგენდარული კალათბურთელი თავისი გუნდის ძლიერ საყრდენად იქცა.
1993 წელს მაიკლ ჯორდანს მამა გარდაეცვალა. ეს პერიოდი საკმაოდ ემოციური იყო მისთვის. ჯორდანმა გადაწყვიტა საერთოდ დაენებებინა თავი კალათბურთისთვის, მიზეზად კი, თამაშის სურვილის დაკარგვა დაასახელა. შემდეგ, სრულიად მოულოდნელად (და ყველასგან გასაკვირად), მან ბეისბოლის თამაში დაიწყო. ამასობაში ,,ბულზის’’ საქმე უკან-უკან წავიდა, რადგან გუნდს ჯორდანი აღარ ჰყავდა.
2 წლის შემდეგ გავრცელდა ჭორები, რომ ჯორდანი თავის ყოფილ გუნდში დაბრუნებას აპირებდა. მედიამ კალათბურთელი ჩიკაგოს კლუბთან ახლოს ვარჯიშისას დააფიქსირა. ეს ფაქტი ახალ ამბებში დაუსრულებლად ტრიალებდა. თუმცა ჯორდანი კომენტარის გაკეთებას არ ჩქარობდა.
ერთ დღესაც ის თავის აგენტს დაელაპარაკა და გაუმხილა, რომ დაბრუნებას გეგმავდა. მოგვიანებით აგენტმა მედიასთან საუბრისას ახსენა, რომ მან ტექსტის 4 სხვადასხვა ვერსია შესთავაზა ჯორდანს, რითაც კალათბურთელს თავისი დაბრუნება უნდა ემცნო საზოგადოებისთვის. თუმცა მაიკლი თავს კომფორტულად არ გრძნობდა და ტექსტის არც ერთი ვარიანტი არ დაუდასტურებია. შემდეგ აგენტმა შესთავაზა, რომ საუბრის ნაცვლად უბრალოდ დაეწერა დაბრუნების შესახებ.
მაიკლმა ფურცელი მოიმარჯვა, ხელში კალამი აიღო და დაწერა: ,,მე დავბრუნდი’’. ეს პრესრელიზი ვირუსულად გავრცელდა ყველგან: ბილბორდებზე, ჟურნალის ქავერებზე, მაისურებზე, ჭიქებზე - ფრაზა ყველგან ტრიალებდა.
ამჩნევ ამ სიტყვებში ქოფირაითინგის ძალას? სწორედ ამით დასტურდება, რომ ხშირად ორიოდე სიტყვა მეტს ამბობს, ვიდრე ათასობით ჭორი თუ სურათი.
თუ გაინტერესებს, როგორ უნდა თქვა გრძელი სიტყვა მოკლედ, UX/UI ქოფირაითინგის კურსი სულ მალე, 27 სექტემბერს იწყება.