ხელოვნება, როგორც ვნება - გაიცანით ბარბარე ურიდია
„მზიურთან“ ახლოს, ამირეჯიბის გზატკეცილზე ერთი მაგიური სახელოსნოა. მის გვერდით ჩავლისას უსათუოდ ყურს მოჰკრავთ Deep Purple-ს, Child In Time ან ლედ ზეპელინს ან… ან გააჩნია განწყობას… ამ სახელოსნოს ხასიათს 24 წლის ბარბარე ურიდია ქმნის. მისი მთავარი მოკავშირეები ფუნჯი, საღებავები და ტილოები არიან.
ხატვა მისი ცხოვრებისეული ვნებაა. მიყვება, რომ ბავშვობაშიც კი ხატავდა იმას, რაც სურდა, რასაც გრძნობდა და აკლდა:
„ხატვა დავიწყე მას შემდეგ, რაც 3 წლის ასაკში, მამა გარდამეცვალა. ჩემი პირველი ნახატები მოიცავდა ოჯახის იდილიის ამსახველ სცენებს, იმ სევდისგან და სურვილისგან გამოწვეულს, რაც მაკლდა. ბავშვობიდან, განსაკუთრებით მიზიდავდა ორი მიმართულება - ხელოვნება და ლიტერატურა, კერძოდ ფილოსოფია. ამ უკანასკნელის გზით ავარჩიე პროფესია, თუმცა ხატვა არასოდეს შემიწყვეტია. გრაფიკაში, ფერწერაში, ნატურმორტებს, პეიზაჟებს, პორტრეტებს - ყველაფერს ვხატავდი. თინეიჯერობის მიწურულს, აბსტრაქციამ გამიტაცა. ხოლო, დაახლოებით, ორი წლის წინ, როცა გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მერსინში, თურქეთის ერთ ზღვისპირა, მშვიდ და მეტისმეტად ესთეტიკურ გარემოში ვცხოვრობდი, ჩემში გარდატეხა მოხდა, ძლიერი და მგზნებარე აღტყინება ვიგრძენი, მივიღე ჭარბად ინსპირაცია წყლისგან, ტალღებისგან, მისი ფერებისგან, რის შედეგადაც აღმოვაჩინე საკუთარი ხელწერა და სტილი ხელოვნებაში, კერძოდ მარინიზმის ჟანრი და მას შემდეგ ამ მიმართულებით ვხატავ. ჩამოვყალიბდი არტისტად, რომელიც ყველაზე კომფორტულად წყლის ესთეტიკაში გრძნობს თავს. ძალიან მიყვარს ოკეანე, ზღვა, განსაკუთრებით იდეურად - ერთდროულად მსიამოვნებს მისი ბუნება და ასევე, იწვევს შიშს, ხოლო ამ ძლიერ გრძნობებს, ვცდილობ, ჩემი ხელოვნებით მივაგო პატივი.

პირველ რიგში, ვხატავ იმიტომ, რომ ფერების ენით, კონკრეტულ იერ-სახეში გადმოვცე ჩემი აბსტრაქტული გრძნობები და განცდები, რაც ჩემში, ემოციური ინტელექტისა და გრძნობადი სამყაროს სახით არსებობს. ჩემთვის, ძალიან გულწრფელად, ვაზიარებ იმას, რასაც წარმოვადგენ.
გამოხატვის ფორმები განსხვავებულია. ხატავს ყველაფერზე - ფურცელზე, ტილოზე, სხეულზე... ახლახან, სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინიც შეისწავლა და ციფრული ნახატების შექმნაც დაიწყო:

„ძალიან ბევრი სარგებელი შემმატა კურსმა და ყოველთვის ჩემს განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება! დაუღალავად შემიძლია ვისაუბრო მთელ გუნდზე, სადაც სწავლისა და ცოდნის შეძენის საშუალება მომეცა. ძალიან კმაყოფილი ვარ სტუდენტების მიმართ დამოკიდებულებით, სწავლების მეთოდით, ზოგადად მთლიანი პოლიტიკითა და განწყობით. ყოველ ჯერზე, სიახლეების გაცნობის დროს, ვრწმუნდები, როგორ ზრუნავენ მათი სტუდენტების კარიერულ წინსვლაზე. რაც შეეხება ანნას, ჩემს ლექტორს - პროფესიონალიზმისა და მორალური, პიროვნული მხარის ულამაზესი და ძალიან გონიერი სინთეზია. დიდი მადლობა მას, რომ მასთან თანამშრომლობის და შემდეგ მეგობრობის საშუალება მომეცა.“

S: რით ჰგავს და რით განსხვავდება ეს მიმართულება ტრადიციული ხელოვნებისგან?
-მათ შორის სხვაობა მეტისმეტად დიდია. ტილოზე, სადაც ფუნჯისა და საღებავის ურთიერთობით, თავად ქმნი ყოველ დეტალს, ციფრულ სამყაროში, პიქსელებით ნაცვლდება. თავისთავად, ამ შემთხვევაშიც, თავად მართავ პროცესს, თუმცაღა კომპიუტერის მიერ შემოთავაზებული უამრავი სარგებელი, ჩემი აზრით, გარკვეულწილად, როგორც არტისტს, პასუხისმგებლობის საკითხში, დიდად გეხმარება და გიმარტივებს შემოქმედებით პროცესს. ძირითადი სხვაობა ემოციებია, განცდები. მე, როგორც კლასიკური ხელოვნების მოტრფიალეს, ტილოსა და საღებავთან მეტი ემოციური კავშირი მაქვს, თუმცაღა ციფრული მხატვრობის უდიდესი ქომაგი ვარ. მინდა, რომ ჩემი შესაძლებლობები ამ მიმართულებით მეტად დავხვეწო, მით უფრო, როცა აკადემიაში სწავლამ ძალიან საინტერესო სურვილები აღმიძრა.

S: როგორ ფიქრობ, ზოგადად, ვირტუალურ ნახატს შეუძლია იყოს იმდენად შთამბეჭდავი და ეფექტური, რამდენადაც რეალური ნამუშევარი?
ვფიქრობ, ეს ადამიანის აღქმაზეა დამოკიდებული. ჩვენი სამყარო მეტად ციფრული ხდება, ადამიანის ეგზისტენცია სწრაფად განიცდის ადაპტაციას ამ უკანასკნელის მიმართ. თავად კი, რადგან ძირითად განმასხვავებელ ნიშას ემოციებსა და განცდების მიღება/გაცემაში ვხედავ, ვთვლი, რომ რეალური ნამუშევარი მეტად მგრძნობიარე, შეიძლება იყოს, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დამოკიდებულება არანაირად აკნინებს ციფრული ხელოვნების სიდიადეს.
S: ARTPASSION-ის „დახატული ქალები“ ვინ არიან - როგორ გაჩნდნენ? მუშაობის პროცესი როგორია - ჯერ წერ და მერე ხატავ თუ პირიქით?
საკუთარი სხეულის გამოყენებით ვქმნი ქალ გმირებს - მეომრებს, სხვადასხვა ღვაწლისა და მიღწევის მქონე პერსონაჟებს, რომლებსაც ვუწერ ისტორიებს, ფენტეზის ჟანრში. ყოველი გმირის სახე-ხატი და ბიოგრაფია აბსოლუტურად ეფუძნება ჩემს ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარს.

მგონია, რომ ასე შეიკრა ეს ყველაფერი:
ჩემმა მეგობარმა, რამდენიმე თვის წინ, მირჩია, წამეკითხა ფენტეზის ჟანრში ერთი ავტორი (ჯო აბერკრომბი). ამ უზარმაზარი ტრილოგიის წაკითხვის შემდეგ, ინსპირაციების მუდმივად მაძიებელმა ჩემმა ბუნებამ მიიღო სიგნალი - აქედან მოდის საწყისი იდეა, რომ ისტორიულ, ეპიკურ, ფანტასტიკის ჟანრში მეცადა საკუთარი თავი. შემდეგ, ერთმა ძალიან კარგმა გოგომ, როცა ჩემსავე ტანზე, ჩემი ტალღების მოხატულობა ნახა, შემომთავაზა თავისი მუსიკის კლიპისთვის შემექმნა რაიმე გმირი/პერსონაჟი, ჩემივე მოხატული სახით. ამ ამბების შედეგად, ჩემმა გონებამ გააერთიანა ეს ორი ინტერესი და აღტყინება - გმირების ხატვა, ხელოვნების მხრივ და პატარა ტექსტების დართვა, ლიტერატურის სფეროში. ეს არის ერთი, დიდი რაზმი (რომელიც სულ გაიზრდება), რომელიც აბსოლუტურად დაკომპლექტებულია ქალი მეომარი გმირებით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს აქვს თავისი კონკრეტული იდეა-ფიქსი, რაც გულისხმობს ფემინისტურ განწყობას, ქალთა მიმართ სოლიდარობასა და ფემინური ძალის დემონსტრირებას.

S: ხატვის გარდა, რა გგვრის სიამოვნებას?
ფოტოგრაფია მიყვარს - ვიღებ ფოტოებს და ამ უკანასკნელს ძლიერ ინსპირაციის წყაროდ ვიყენებ.
S: ხელოვნება ხელოვნებისთვის თუ ხელოვნება ხალხისთვის?
ხელოვნება ხელოვნებისთვის, რომელიც მაინც ადამიანების ხელმწიფებაშია.

S: რომელი საჭმელი, სასმელი ან სიმღერა გაძლევს ინსპირაციას?
ბოსტნეული და ხილი, ძირითადად ის, რაც უფრო მწვანეა. მუსიკა - მელომანი და მუსიკის განსაკუთრებულად მოყვარული ვარ. ჟანრებს ვიტყვი: მეტალი (თავისი ყველა ქვეჟანრით), პოსტ-როკი, ემბიენთი, კლასიკური როკი…
S: სალვატორე გარაუს უჩინარ ხელოვნების ნიმუშზე რას ფიქრობ?
ზოგადად, ხელოვნების პროდუქტში, რაც უნდა იყოს იგი, ჰეგელის თქმისა არ იყოს, - "Spirit is more important, than craft", - სადაც ემოციური ინტელექტი და სულიერი ზმანებები, განცდები და გრძნობებია თავმოყრილი, მას ყველაზე მეტი ძალა შესწევს, გავლენა მოახდინოს ადამიანზე და ხელოვნების დაუვიწყარ ქმნილებად იქცეს.
S: სივრცისა და დროის გაუთვალისწინებლად, რომელ მხატვარს ესტუმრებოდი ვახშმად?
ლეონარდო და ვინჩის - ყველა მხრივ გენიალურ ქმნილებას სამყაროსას!