0
მენიუ
banner banner

10 წამი ანიმაციის შესაყვარებლად - ინტერვიუ იონა დოლიძესთან

10 წამი ანიმაციის შესაყვარებლად - ინტერვიუ იონა დოლიძესთან

ენთუზიაზმი, თვითგანვითარებისკენ სწრაფვა, საქმის სიყვარული და პროფესიული გულწრფელობა - ეს ის თვისებებია, რომელიც 3D ანიმატორს, იონა დოლიძეს კარიერულ კიბეზე აღმასვლაში დაეხმარა. 

ჯერ კიდევ 14 წლის იყო, როცა ანიმაციით დაინტერესდა და სწავლა დაიწყო - ენთუზიაზმი:

„14 წლის ვიყავი, როდესაც სრულიად შემთხვევით, Youtube-ზე 3D ანიმაციას წავაწყდი და ბოლოს იმ პროგრამის ლოგო გამოჩნდა, რაშიც აწყობილი იყო. ეს 3D პროგრამა აღფრთოვანებულმა გადმოვწერე და მაშინვე ინტენსიური შესწავლა დავიწყე.

თავიდან ყველაფერს მივედ-მოვედე - მოდელინგს, ანიმაციას, რენდერს, კამერის „თრექინგს“ და ასე შემდეგ. ყველაფერმა ძალიან დამაინტერესა და ჩამითრია. ამის მერე ფოტო, ვიდეო და „საუნდ ედითინგმა“ გამიტაცა, რასაც ასევე, სიღრმისეულად მივუდექი, მაგრამ საბოლოო ჯამში, სამომავლო პროფესიისადმი გადაწყვეტილება თავისით, ბუნებრივად მოვიდა. ანიმაცია აღმოჩნდა ის, რისი კეთებაც მომწონს, მსიამოვნებს და არ მბეზრდება. ჩემი პირველი ნამუშევარი კომიკური 3D ანიმაცია იყო, რომელზეც მე თვითონ ვხალისობდი. ამ პატარა, 10-წამიანმა სიუჟეტმა სფეროს მიმართ ემოციური კავშირიც გამიმყარა“, - ასე იწყებს იონა თავისი ამბის თხრობას. მოსაყოლი ბევრი აქვს - განვითარების 6 წელი. არ ივიწყებს მათ, ვინც ამ ხნის მანძილზე, პროფესიულ ზრდაში დაეხმარა, თუმცა თვითგანვითარებაც მისი კარიერული კიბის ყველა საფეხურზე გვხვდება: 

„სტუდენტობის პერიოდში, ანიმაციის კეთებას დამოუკიდებლად ვსწავლობდი. ამ დროს თამაშების კომპანია Golden Fox-ი გამოჩნდა, რომელმაც შემდგომ განვითარებაში ხელი შემიწყო. ახლა უკვე ვთანამშრომლობ რამდენიმე ქართულ და უცხოურ კომპანიასთან. განვაგრძობ თვითგანვითარებას.“

მიუხედავად იმისა, რომ წლებია 3D ანიმაციის პერსონაჟებს ქმნის, სფეროს ამოუწურავი შესაძლებლობები ამ პროფესიას მისთვის კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის - საქმის სიყვარული:

„ამ სფეროში 6 წელია ვარ. პროფესიის შეცვლაზე არასდროს მიფიქრია, რადგან ეს ის საქმეა, რისი კეთებაც უბრალოდ მიყვარს და გამომდის. დიდ მოტივაციას მაძლევს ტექნოლოგიური სიახლეები, რაც სულ უფრო და უფრო მეტის შესაძლებლობას იძლევა. ეს სფერო მუდმივად ვითარდება, რაც მას, თავისთავად, საინტერესოს ხდის.“

იონა თავს ახალი გამოწვევის წინაშე აყენებს და სმარტ აკადემიაში წარუძღვება კურსს - 3D პერსონაჟების ანიმაცია. საკუთარი გამოცდილებით იცის, რომ ინტერნეტში უამრავი საგანმანათლებლო რესურსია, ამიტომ გასწავლის იმას, რასაც ონლაინ ვერ ნახავ - პროფესიული გულწრფელობა:

„კურსის განმავლობაში დიდ ყურადღებას არ დავუთმობ იმ ინფორმაციას, რომლის ინტერნეტში მოძიებაც ნებისმიერს 5 წუთში შეუძლია. 

საფუძვლიანად გავივლით ანიმაციისთვის პერსონაჟის მომზადებისა და ანიმირების პროცესს. აგრეთვე, ვისწავლით მოკლე გზებსა და ხრიკებს, სხვადასხვა შედეგის სწრაფად და „უფასოდ“ მისაღებად.“

რაც უნდა მოულოდნელად და საშიშად ჟღერდეს, ანიმაციის შესასწავლად, ცოტა ფიზიკის ცოდნაც დაგჭირდება. როგორც იონა გვიყვება, მოძრავი პერსონაჟების შექმნისას, ფიზიკის კანონების გათვალისწინება მნიშვნელოვანია: 

„ანიმაციის სწავლისას ძალიან გამოსადეგია ხატვის, ანატომიისა და ცოტა ფიზიკის ცოდნა. რა თქმა უნდა, ფორმულებს არ ვგულისხმობ. ფიზიკის ცოდნაში მოვიაზრებ გრავიტაციის კანონებს, ხახუნის ძალის გავლენას გადაადგილებაზე და ა.შ… პერსონაჟის ამოძრავების დროს ყველა ეს ფაქტორი გასათვალისწინებელია.“

და მაინც - რა დრო სჭირდება ანიმაციის შექმნას? იონას თქმით, ამაზე ერთი პასუხი არ არსებობს. ეს არაერთ ფაქტორზეა დამოკიდებული - ანიმაციის ხანგრძლივობა, მოძრაობების სირთულე, პერსონაჟების რაოდენობა და ა.შ.  როგორც იონა გვიზიარებს, დღეს დამსაქმებლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ნამუშევარს მოიცავს შენი პორტფოლიო. მთავარი ხარისხია. 

„საქართველოში, ვიდეო თამაშების კომპანიების გამოჩენასთან ერთად, 3D ანიმატორი უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება, თუმცა დღეს, ამ პროფესიით მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში შეიძლება დასაქმდე და უცხოური კომპანიებისთვის დისტანციურად იმუშაო. 

საქმეში გაცნობიერებული დამსაქმებლები უპირატესობას ანიჭებენ ანიმაციის ხარისხს და არა რაოდენობას. ასე, რომ ნუ დაითრგუნები, თუ პორტფოლიო მხოლოდ 2 ნამუშევარს მოიცავს. სჯობია, 2 კარგი ნამუშევარი გქონდეს, ვიდრე 10 - ცუდი. ასევე, ძალიან დიდი ყურადღება ექცევა პიროვნულ თვისებებს, რაც შეიძლება, კადრის აყვანისას გადამწყვეტი აღმოჩნდეს.“

თუ გინდა ისწავლო ხარისხიანი, საინტერესო ანიმაციების შექმნა და მალევე დასაქმდე, შემოგვიერთდი იონას კურსზე აქ.

აგრეთვე წაიკითხე:


სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები