0
მენიუ
banner banner

რა არის UGC და რატომ არის ის მნიშვნელოვანი მარკეტინგული წარმატებისთვის?

რა არის UGC და რატომ არის ის მნიშვნელოვანი მარკეტინგული წარმატებისთვის?

დიდი ალბათობაა იმისა, რომ UGC (User Generated Content) კამპანიაში მონაწილეობა ერთხელ მაინც მიგიღია, შესაძლოა, გაუაზრებლადაც კი…

გახსოვს, “Share a Coke” კამპანიის ფარგლებში Coca-Cola-მ ბოთლებზე სახელები რომ დაიტანა? ალბათ შენც, როგორც ყველა, შეფუთვებზე საკუთარ ან მეგობრის სახელს ეძებდი, ფოტოებს უღებდი, შემდეგ სოციალურ ქსელებში აზიარებდი და მეგობრებსაც ნიშნავდი. სწორედ ეს არის UGC-ის კლასიკური მაგალითი.

სასიამოვნო მოგონებების გახსენება კარგია, მაგრამ მოდი, უკეთ გავერკვეთ, თუ რას ემსახურება UGC და რატომ არის ის ასე მნიშვნელოვანი…

რა არის UGC?

UGC გულისხმობს ნებისმიერ კონტენტს: ფოტოს, ვიდეოს, შეფასებებსა თუ სთორის, რომელსაც მომხმარებელი ბრენდის შესახებ საკუთარი ინიციატივით ქმნის. მისი სუპერ ძალა კი ავთენტურობაში გამოიხატება.

მაგალითად…

Coca-Cola-მ შექმნა იდეა და პლატფორმა, თუმცა რეალური კომუნიკაცია მე, შენ და იდეით აღფრთოვანებულმა სხვა მომხმარებელმა განვახორციელეთ. ამ დროს ბრენდი კონტენტს მარტო აღარ ქმნიდა, მას თავად მომხმარებლები ქმნიდნენ. ფოტოები, პოსტები და ემოციები, რომლებიც ვირუსულად ვრცელდებოდა, სტანდარტულ რეკლამას გასცდა და ნამდვილ, ადამიანურ გამოცდილებად იქცა.

ადამიანები უფრო მეტად ენდობიან სხვა მომხმარებლების რეალურ გამოცდილებას, ვიდრე ბრენდების მიერ შეფუთულ სარეკლამო მესიჯებს. UGC არ აღიქმება, როგორც გაყიდვაზე ორიენტირებული მასალა, რაც მას განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს.

რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

UGC-ის გამოყენება მარკეტინგში დღეს აღარ არის არჩევანი ის აუცილებლობაა, რადგან რადიკალურად ცვლის ბრენდსა და მომხმარებელს შორის ურთიერთობას.

მარკეტერებისთვის ეს ინსტრუმენტი, პირველ რიგში, ნდობისა და აღიარების მოპოვების საუკეთესო გზაა. მომხმარებლის მიერ შექმნილი ავთენტური კონტენტი „სოციალურ დასტურად“ იქცევა და პოტენციური მყიდველის ეჭვებს ბევრად ეფექტურად აქარწყლებს, ვიდრე ნებისმიერი სხვა რეკლამა.

ამასთანავე, UGC ეხმარება მარკეტერებს რესურსების ოპტიმიზაციაში, რადგან მომხმარებლები თავად ქმნიან კრეატიულ რესურსებს, რაც ამცირებს კონტენტის წარმოების ხარჯებს და კამპანიებს მასშტაბურობას მატებს.

კონტენტის ეს ფორმა განსაკუთრებით ეფექტურია ორგანული წვდომის გასაზრდელად, რადგან სოციალური მედიის ალგორითმი პრიორიტეტს სწორედ ასეთი მაღალი ჩართულობის მქონე პოსტებს ანიჭებს.

გარდა ტექნიკური უპირატესობებისა, UGC მარკეტერებს აძლევს უნიკალურ ინსაითებს. მარკეტერები პირდაპირ ხედავენ, თუ როგორ იყენებს და აღიქვამს აუდიტორია მათ პროდუქტს რეალურ ცხოვრებაში.

ალბათ დამეთანხმები, რომ ყველა ზემოხსენებული მიზეზი მკაფიოდ უსვამს ხაზს UGS-ის სარგებელსა და მნიშვნელობას.

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ UGC თანამედროვე მარკეტინგის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი იარაღია იმ სამყაროში, სადაც მომხმარებელი მხოლოდ ფაქტებს აღარ ენდობა და თქვენი აუდიტორიის ხმა ნდობის მოპოვების ყველაზე მოკლე გზაა.

ბრენდი, რომელიც მომხმარებელს პროდუქტის „ელჩად“ აქცევს, მის ირგვლივ აყალიბებს ლოიალურ საზოგადოებას, რომელიც თავად ხდება ბრენდის წარმატების გარანტი. დღეს საუკეთესო რეკლამას არა კომპანია, არამედ მისი კმაყოფილი მომხმარებელი ქმნის.






სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები