გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი სამცხე-ჯავახეთში - სალომე ნასყიდაშვილი
რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“
ბლოგში გაგაცნობთ სალომე ნასყიდაშვილს, სმარტ აკადემიის ელჩს სამცხე-ჯავახეთში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.
რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?
რეგიონის ელჩობა ჩემთვის ნიშნავს, ვიყო აქტიური შუამავალი თანამოქალაქეებსა და თანამედროვე შესაძლებლობებს შორის. ჩემთვის ეს არ არის მხოლოდ ინდივიდუალური განვითარება - ეს ნაბიჯია, რომელიც პირადი გამოცდილებიდან საზოგადოებრივ პროგრესზე გადადის.
ეს არის მტკიცება იმისა, რომ პროგრესი არ განისაზღვრება გეოგრაფიული საზღვრებით ან ქალაქების პრივილეგიით — ის იქ იარსებებს, სადაც არსებობს განათლების მიღების სურვილი და მოტივაცია.
რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?
ჩემთვის, როგორც ელჩისთვის, მთავარი მიზანია, გავაძლიერო რეგიონის მოსახლეობა, მივაწოდო მათ ინფორმაცია, რაც დაეხმარებათ საკუთარი ინტერესების აღმოჩენასა და განვითარებაში.
მინდა, მივცე მოტივაცია და დავანახო, რომ მონდომებით, თვითგანვითარებითა და ციფრული შესაძლებლობების სწორად გამოყენებით, შესაძლებელია წარმატებას მიაღწიო - ნებისმიერი წერტილიდან. ჩემი მისიაა, დავანგრიო სტერეოტიპი, თითქოს რეგიონში ცხოვრება შემაფერხებელია. მინდა შევქმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები დაინახავენ საკუთარ ღირებულებასა და პოტენციალს.
მჯერა, რომ ჩვენი რეგიონი ძლიერია, რადგან ჩვენ ერთმანეთისგან ვსწავლობთ, ვაზიარებთ ცოდნას და ხელს ვუწყობთ ერთმანეთის განვითარებას.
ელჩობა ჩემთვის არის შესაძლებლობა, ვიყო პირი, რომელიც გააერთიანებს და დააკავშირებს რეგიონის მოსახლეობას თანამედროვე შესაძლებლობებთან. ჩემი მიზანია, ავაშენო ხიდი, რომელიც მათ დაეხმარებათ უკეთ გაეცნონ განვითარებად სფეროებს, ტექნოლოგიებს, ახალ ტენდენციებს და გახდნენ ციფრული სამყაროს ნაწილი.
შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის მოსახლეობას?
ეს პროექტი რეგიონის ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას, ჩაერთონ თანამედროვე ციფრულ სამყაროში და დაინახონ - წარმატებისკენ გზა ქალაქის გარეთაც გადის.
ის გახდება შესაძლებლობების წყარო მათთვის, ვისაც აქამდე ნაკლები წვდომა ჰქონდა განათლებასა და განვითარებაზე. რეგიონში მცხოვრებთ გაუჩნდებათ მოტივაცია, გადაფასონ საკუთარი პოტენციალი, გამოიჩინონ ინიციატივა და თავიანთ რეგიონში დადებითი ცვლილებების ნაწილი გახდნენ.
პროექტი გაზრდის ცნობიერებას ტექნოლოგიებზე, ინოვაციებსა და განათლებაზე — გააღვივებს ინტერესს და დაანახებს, რომ განვითარებისთვის რესურსები რეგიონებშიც ხელმისაწვდომია.
პროექტი გახდება შთაგონება და მოტივაცია საზოგადოებისთვის, რომ დაიწყონ საკუთარი უნარების განვითარება და სამომავლოდ, მათი წარმატება გახდეს რეგიონისა და ქვეყნის წინსვლის საწინდარი.
რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის?
ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის - ის ქმნის სივრცეს, სადაც ახალგაზრდებს შეუძლიათ განავითარონ საკუთარი იდეები და ინიციატივები, რაც გავლენას მოახდენს როგორც მათ პირად, ისე მთლიანად საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.
პროექტი აძლევს მათ შესაძლებლობას დაუკავშირდნენ თანატოლებს, რომლებიც იგივე ინტერესებს იზიარებენ და ისარგებლონ იმ რესურსებით, რომლებიც აქამდე ძირითადად მხოლოდ ცენტრალურ ქალაქებში იყო ხელმისაწვდომი.
ის აღვივებს ინტერესს ციფრული ტექნოლოგიებისა და მომავლის პროფესიების მიმართ, რაც რეგიონისთვის არა მხოლოდ სოციალურ და კულტურულ, არამედ ეკონომიკურ სტიმულსაც ქმნის. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პროექტი ხელს უწყობს განათლებაზე თანაბარ წვდომას, რაც საბოლოოდ მთელი ქვეყნის მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.
წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”
წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.
წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.