გაიცანი სმარტ აკადემიის ელჩი გურიაში - მარიკა ცინცაძე
რეგიონებში ახალგაზრდების პროფესიული განვითარების შესაძლებლობებზე ზრუნვა სმარტ აკადემიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზანს ემსახურება პროექტი „გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.“
ბლოგში გაგაცნობთ მარიკა ცინცაძეს, სმარტ აკადემიის ელჩს გურიაში, რომელიც სულ მალე საკუთარი რეგიონის განვითარების მთავარი ინიციატორი გახდება.
რას ნიშნავს შენთვის იყო შენი რეგიონის ელჩი?
ჩემთვის უდიდესი პასუხისმგებლობაა, ჩემს რეგიონში მცხოვრებ საზოგადოებას დეტალურად და სწორად მივაწოდო ინფორმაცია თანამედროვე პროფესიების შესახებ. ამას ვადარებ იმ დროს, როცა წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება ყველას აძლევდა შესაძლებლობას, შეეძინა ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი — წერა და კითხვა. დღეს კი, სმარტ აკადემიის დახმარებით, მე მაქვს შანსი, რეგიონის მოსახლეობას დავეხმარო ყველაზე მოთხოვნადი ციფრული უნარების ათვისებაში.
რა არის შენი, როგორც ელჩის, მთავარი მიზანი?
ჩემი, როგორც სმარტ აკადემიის ელჩის, მთავარი მიზანია, რომ გურიაში იმდენი ადამიანი გახდეს IT სპეციალისტი, დეველოპერი თუ სხვა ციფრული პროფესიის წარმომადგენელი, რომ პატარა გურიის სილიკონველად გადაქცევის საჭიროება გახდეს. ეს ცოტა გაზვიადებით და გურული იუმორით, მაგრამ გულწრფელად - ჩემი მთავარი მიზანია, რაც შეიძლება მეტ გურულ ახალგაზრდას გავუღვივო ინტერესი თანამედროვე პროფესიების შესახებ.
შენი აზრით, როგორ დაეხმარება ეს პროექტი რეგიონის მოსახლეობას?
მაშინ, როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, მუდმივად განვიცდიდი, რომ დედაქალაქში მცხოვრებ თანატოლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებ რესურსზე მქონდა წვდომა - თითქმის ყველა საინტერესო აქტივობა თბილისში ტარდებოდა.
ზუსტად ამიტომ მჯერა, რომ ეს პროექტი დიდი შესაძლებლობაა რეგიონის მოსახლეობისთვის. მათ ექნებათ შანსი, დეტალურად გაეცნონ 21-ე საუკუნეში ყველაზე მოთხოვნად პროფესიებს და ქალაქიდან გაუსვლელად დაეუფლონ მათთვის სასურველ სპეციალობას.
რატომ გგონია, რომ ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის?
ვფიქრობ, ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს რეგიონებისთვის, რადგან ის პირდაპირ პასუხობს დღეს არსებულ გამოწვევას - ახალგაზრდების გადინებას რეგიონებიდან. როდესაც ახალგაზრდებს ადგილზე არ აქვთ დასაქმებისა და განათლების მიღების შესაძლებლობა, ისინი იძულებულნი არიან დატოვონ თავიანთი მშობლიური რეგიონი.
ეს პროექტი კი საშუალებას მისცემს რეგიონებში მცხოვრებ საზოგადოებას დაინახოს, რომ ხარისხიანი განათლების მიღება და მაღალანაზღაურებად პოზიციებზე დასაქმება საკუთარი რეგიონის დატოვების გარეშეც არის შესაძლებელი, რაც არსებითად შეცვლის რეგიონების განვითარების პერსპექტივას.
წაიკითხე: რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში.”
წაიკითხე: რამდენად მოთხოვნადია პროფესიული განათლება რეგიონებში.
წაიკითხე: სმარტ აკადემიის ელჩების ვინაობა ცნობილია - პროექტი ახალ ეტაპზე გადადის.