0
მენიუ
banner banner

ინტერვიუ კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების ლექტორთან - არჩილ დადიანი

ინტერვიუ კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების ლექტორთან - არჩილ დადიანი

დღეს, როცა სწრაფად ცვალებად გარემოში ორგანიზაციებისთვის წარმატება უკვე სტრატეგიულად გააზრებულ ნაბიჯებზეა დამოკიდებული, სტრატეგიული დაგეგმვისა და მენეჯმენტის უნარები უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. 

ამ ინტერვიუში გაგაცნობთ პროფესიონალს, რომელმაც პროფესიული გზა 24 წლის ასაკში სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტში დაიწყო და მას შემდეგ არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, მათ შორის — ეროვნული თავდაცვის აკადემიის სტრატეგიული დაგეგმარება.

გაგვიზიარე შენი კარიერული გზა: როგორ აღმოჩნდი სტრატეგიული დაგეგმვისა და მენეჯმენტის სფეროში? 

24 წლის ასაკში ძალიან გამიმართლა, როდესაც მაღალკვალიფიციურ პროფესიონალებს შორის მომიწია მუშაობა სტრატეგიისა და განვითარების ინსტიტუტში. ისინი მუდმივად ხელს გვიწყობდნენ, როგორც ახალგაზრდა თანამშრომლებს, ჩვენი უნარების განვითარებასა და პროფესიულ ჩამოყალიბებაში.

მუშაობის პროცესში გამოიკვეთა, რომ მენეჯმენტი და დაგეგმვის პროცესი კარგად გამომდიოდა, ამიტომაც ჩემი ძირითადი საქმიანობის სფეროდ სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე.

როდესაც თავდაცვის სისტემაში დავიწყე მუშაობა, დაგეგმვის მიმართულებით სხვა სირთულის გამოწვევები წამოიჭრა ჩემ წინაშე, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა და ხელი შემიწყო კიდევ უფრო მეტად განვვითარებულიყავი ამ მიმართულებით. 

რა ძირითადი გამოწვევები შეგხვედრია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში?

აღნიშნული სფერო სავსეა გამოწვევებით. შემიძლია გავიხსენო თავდაცვის სისტემაში მუშაობის პერიოდი, როდესაც დასავლური სტანდარტების ეროვნული თავდაცვის აკადემიის შექმნაზე ვმუშაობდით, მე დამევალა აღნიშნული ორგანიზაციის სტრატეგიული სამოქმედო გეგმის შემუშავება და მისი განხორციელება. სირთულეს და მთავარ გამოწვევას წარმოადგენდა გეგმაში აღსაწერი პროცესების მასშტაბი და, რა თქმა უნდა დროის სიმცირე. სწორედ დრო და დასაგეგმი პროცესების დიდი მოცულობაა ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს ძირითად გამოწვევებად. თუმცა, მქონია სხვა შემთხვევებიც, მაგალითად, როდესაც როგორც ფრილანსერს შემისრულებია რომელიმე ორგანიზაციის დაკვეთა და მენეჯმენტს კარგად არ ჰქონდა გააზრებული თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა რეალურად აღნიშული პროცესის დანერგვას და რომ შემდგომში უნდა მიჰყოლოდნენ მის განხორციელებას.

მოგვიყევი ერთ გამორჩეულ პროექტზე 

თუ თვალს გადავავლებ ჩემს პროფესიულ ბიოგრაფიას, შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტის მონაწილე ვყოფილვარ, მაგრამ თავისი მნიშვნელობით და შედეგებით უდაოა, რომ უმნიშვნელოვანესი პროექტი არის ეროვნული თავდაცვის აკადემია, რომელმაც არაერთი განათლებული ლიდერი შესძინა ჩვენს ჯარს და საზოგადოებას.   

როგორი გამოცდილება გქონია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის კუთხით და რა გასწავლა ამ პროცესმა?

თანამედროვე სამყაროში ნებისმიერი ორგანიზაციის განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო კავშირებისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება. საერთაშორისო თანამშრომლობა ხორციელდება მულტიკულტურულ გარემოში, მასში ადაპტირება გარკვეული გამოწვევაა, თუმცა აღნიშნულ გარემოში მუშაობა დიდ გამოცდილებას სძენს ნებისმიერ პროფესიონალს, იდეების დახვეწისა და სხვადასხვა ამოცანის გადაწყვეტაზე მუშაობის პროცესი კი უფრო მრავალწახნაგოვანი და სრულყოფილია. 

ჩემთვის მთავარ მიზანს ყოველთვის წარმოადგენდა მეტი კოოპერაცია და საინტერესო პროექტი შემექმნა დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით. თანამშრომლობა მქონია რამდენიმე ევროპულ და ამერიკულ უნივერსიტეტთან, ასევე კომპანიებთან და ინსტიტუციებთან. სხვადასხვა მიმართულების განვითარებაზე ვმუშაობდი ისეთ გამორჩეულ კომპანიასთან, როგორიც არის „ჯენერალ დაინამიქსი“. 

ამჟამად მიმდინარე პროექტი გახლავთ „სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტთან” თანამშრომლობით, რომელიც გულისხმობს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და კიბერუსაფრთხოების ინფრასტრუქტურის შეფასებასა და მისი განვითარების დაგეგმვის პროცესს.

 პროფესიონალს, რომელსაც სურვილი აქვს, რომ მის თანამშრომლობას უცხოელ პარტნიორებთან წარმატების მეტი შანსი ჰქონდეს, ყოველთვის მზად უნდა ჰქონდეს უკვე დაპროექტებული, კონკრეტული შეთავაზებები. 

გაგვიზიარე შეცდომები, რომლებსაც კომპანიები უშვებენ სტრატეგიული დაგეგმვისას

შეცდომების მთელი კასკადის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ყურადღებას კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხებზე გავამახვილებ. ხშირ შემთხვევაში, ორგანიზაციები დაგეგმვის პროცესს მხოლოდ ფორმალურად ასრულებენ, ზოგიერთ მათგანს არ აქვს გააზრებული, რომ ნებისმიერი სტრატეგია და გეგმა უნდა იყოს გაზომვადი, მისი შესრულება კი - შეფასებადი.

გარდა ამისა, არსებობს შემთხვევები, როდესაც მაღალი რგოლის მენეჯმენტი სტრატეგიის აღსრულების პროცესს მთლიანად საშუალო რგოლის მენეჯმენტს აკისრებს და თვითონ პროცესებში ჩართული საერთოდ არ არის.

ვისთვის არის კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების კურსი?

ეს კურსი განკუთვნილია, მაღალი და საშუალო რგოლის მენეჯერებისთვის. ასევე, ის შეიძლება საინტერესო იყოს ნებისმიერი პროფესიონალისთვის, რომელიც თავის ყოველდღიურ საქმიანობას ორგანიზაციის სტრატეგიიდან გამომდინარე, ოპერაციული სამოქმედო გეგმების მიხედვით ახორციელებს.

რას ურჩევდი პროფესიონალებს, რომლებიც ახლა იწყებენ კომპანიის სტრატეგიის შექმნას?

უმნიშვნელოვანესია ორგანიზაციის მიზნების სწორად განსაზღვრა და ჩამოყალიბება. ასევე, კრიტიკულად მნიშვნელოვანია შიდა და გარე გავლენის ფაქტორების შეფასება – რა რესურსები აქვს ორგანიზაციას დასახული მიზნების მისაღწევად და რა ფაქტორებმა შეიძლება შეაფერხოს მისი წინსვლა ამ მიმართულებით.

აღსრულების პროცესის ეფექტიანობისათვის დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს შეფასების ინსტრუმენტების სწორად შერჩევას. ყველას ვურჩევდი, რომ ორგანიზაციის ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად დანერგონ რომელიმე საერთაშორისო ხარისხის მართვის სტანდარტი. 

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პრაგმატული მიდგომა დაგეგმვის პროცესში უმნიშვნელოვანესია, არასოდეს თქვათ უარი თამამი მიზნების დასახვაზე.


კორპორატიული სტრატეგიის დაგეგმვისა და აღსრულების კურსზე მიღება ახლა მიმდინარეობს, ამიტომ, თუ ამ პროფესიით ხარ დაინტერესებული, დარეგისტრირდი.


წაიკითხე: 5 შეცდომა, რომელსაც კომპანიები სტრატეგიული დაგეგმვისას უშვებენ.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები