რატომ შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში”
კარიერის განსაზღვრისას პროფესიის არჩევა მნიშვნელოვანი ეტაპია ახალგაზრდისთვის, რადგან ეს არჩევანი შემდგომ წლებში გავლენას ახდენს მისი პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცხოვრების ხარისხზე. სწრაფად ცვალებად შრომის ბაზარზე სულ უფრო აქტუალური ხდება პროფესიული ორიენტაციის და კარიერის დაგეგმვის საკითხი, რომელიც განსაკუთრებით მწვავედ დგას დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის, რადგან პროფესიულ თვითგამორკვევას არ ეთმობა სათანადო ყურადღება სკოლის სივრცეში. მოზარდებს მწირი ინფორმაცია აქვთ პროფესიების და საგანმანათლებლო რესურსების შესახებ. ზოგიერთი თანამედროვე, მომავლის პროფესიის შესახებ კი, რომელიც დღეს მოთხოვნადია ბაზარზე, საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას.
საქართველოს რეგიონებში ჯერ კიდევ აქტუალურია პროფესიის არჩევა ოჯახის წევრებისა და ახლობლების რჩევით, ამიტომ, სამწუხაროდ, ახალგაზრდების უმეტესობას ამ გადაწყვეტილების მიღება არაჯანსაღ და სტერეოტიპულ გარემოში უწევს. საბოლოო ჯამში, ახალგაზრდა არის დემოტივირებული და კონკრეტულ ადგილას მხოლოდ ანაზღაურების მიღების გამო მუშაობს, მათი პროდუქტიულობა კი თითქმის გამქრალია.
აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდების პროფესიული არჩევანი გავლენას ახდენს დამსაქმებელზეც, რადგან მან შეიძლება ვერ მოახერხოს დასაქმებულის პოტენციალის რეალიზება. შესაბამისად, არასწორი პროფესიული არჩევანი იწვევს ჯაჭვურ რეაქციას: დამსაქმებლის უკმაყოფილება უარყოფითად მოქმედებს შრომით მოტივაციაზე და თავის მხრივ იწვევს დაბალ პროდუქტიულობას.
ამიტომაც, კარიერის დაგეგმვისას მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდები ინფორმირებულები იყვნენ თანამედროვე პროფესიების შესახებ და მეტად დაფიქრდნენ, რომელ პროფესიას მოარგებენ თავიანთ უნარებს.
სწორედ ამ მიზნით შევქმენით პროექტი “გახდი სმარტ აკადემიის ელჩი შენს რეგიონში”.
პროექტის მთავარი ამოცანაა, მომავლის პროფესიებზე ცნობიერების ამაღლებით, ახალგაზრდებისთვის დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა და მათი კარიერული განვითარების მხარდაჭერა. ადგილობრივი ორგანიზაციების წახალისება, რათა შექმნან სამუშაო ადგილები, გადაამზადონ თანამშრომლები და დანერგონ თანამედროვე სტანდარტები.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო ღონისძიებები, სადაც რეგიონის ელჩები შექმნიან ახალაგზრდულ ჰაბებს, დაინტერესებული საზოგადოებისთვის ჩაატარებენ აქტივობებს და საინფორმაციო შეხვედრებს თანამედროვე პროფესიების შესახებ. საბოლოო ჯამში კი, ეს ყველაფერი რეგიონის გამოცოცხლებასა და ეკონომიკურად გაძლიერებას ემსახურება.
ჩვენ გვჯერა, რომ პროექტი სარგებლის მომტანი იქნება ახალგაზრდებისთვის და სამომავლოდ ხელს შეუწყობს რეგიონის გაცოცხლებასა და განვითარებას.