გამოწვევები დისტანციურად მუშაობისას: როგორ გადავლახოთ ისინი
ბლოგში გესაუბრები გამოწვევებზე დისტანციურად მუშაობისას და იმაზე, თუ როგორ გადავლახოთ ისინი
იზოლირებულობის განცდა
დისტანციურად, მარტო მუშაობა, ერთი მხრივ, დაგეხმარება კონცენტრირებაში, თუმცა თავს სხვა ადამიანებისაგან იზოლირებულად გაგრძნობინებს. ოფისში კი გარშემორტყმული ხარ თანამშრომლებით, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში შეგიძლია მიმართო.
? შენი ფსიქიკური მდგომარეობისთვის უკეთესია ადამიანებთან დროის გატარება. შეგიძლია ლანჩზე იმ კოლეგებთან ერთად გახვიდე, რომლებიც შენს ქალაქში ცხოვრობენ. ალტერნატიულად, შეგიძლია რამდენიმე საათი რომელიმე კაფედან ან ყავის მაღაზიიდანაც იმუშაო ლეპტოპის თანხლებით, რაც დაგეხმარება იმაში, რომ თავი იზოლირებულად არ იგრძნო.
ბალანსი პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის
დისტანციურად მუშაობა ნიშნავს, რომ, რეალურად, სამუშაო ადგილს არასოდეს ტოვებ, განსაკუთრებით მაშინ, თუ სახლიდან მუშაობ. მარტივად შეგიძლია, რომ გააგრძელო მუშაობა სამუშაო საათების დასრულების შემდეგაც კი, რადგან ოფისიდან სახლში წასვლა არ გიწევს.
? მოქნილი სამუშაო გრაფიკი დისტანციურად მუშაობის ერთ-ერთი ბენეფიტია. თუმცა, უნდა გამოიმუშაო დისციპლინა, რათა შესაბამისი დრო დაუთმო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან კომუნიკაციას. თუ შესაძლებელია, მოიწყვე სამუშაო სივრცე, რომელსაც დღის ბოლოს დატოვებ. დაგეგმე ლანჩი სახლიდან მოშორებით ან შეხვდი მეგობრებს. დაინიშნე დრო, როცა შენს ლეპტოპს დახურავ და მომდევნო დღემდე აღარ გახსნი.
თანამშრომლებთან კომუნიკაციის ნაკლებობა
დისტანციურად მუშაობისას თავი შეიძლება გუნდისგან განცალკევებულად იგრძნო, რადგან სამსახურში გამართული შემთხვევითი საუბრები თანამშრომლებს უფრო აკავშირებს ერთმანეთთან.
? შეთანხმების საფუძველზე, შესაძლებელია, რომ თვეში რამდენჯერმე მიხვიდე ოფისში. ამ დროს კი, მაქსიმალურად გამოიყენებ თანამშრომლებთან ურთიერთობის გასამყარებლად. ალტერნატიულად, შეგიძლია ხელმძღვანელს შესთავაზო გუნდის კვარტალური შეხვედრების ორგანიზება, ყველასთვის მოსახერხებელ ადგილას.
პროდუქტიულობა
კოლეგების გარეშე შესაძლოა გაგიჭირდეს მოტივაციის პოვნა. მათთვის, ვისაც ოჯახი ან შინაური ცხოველები ჰყავს, სახლიდან მუშაობა კარგი გამოსავალი იქნება, მაგრამ ამ ფაქტორმა შეიძლება იმოქმედოს სამუშაოს ხარისხზე.
? პროდუქტიულობის გაზრდის ერთ-ერთი ხერხია 30 წუთით მუშაობა, ხოლო შემდეგ დასვენება. შეგიძლია ეთამაშო შენს შინაურ ცხოველს, თუ გყავს, ან უბრალოდ თვალი გადაავლო მეილებს.
კარიერული კონსულტაციისთვის მოგვწერე