ფინანსების მენეჯმენტის ტოპ 5 სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესისთვის
ბიზნესის განვითარებისთვის, ფინანსების ეფექტური მართვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. ფინანსური მენეჯერის ძირითად ფუნქციას, ბუღალტრისგან განსხვავებით, სწორედ ფინანსების სწორად გადანაწილება წარმოადგენს. ეს არც ისე მარტივი პროცესია, თუმცა არსებობს რამდენიმე სტრატეგია, რომელსაც ფინანსური მენეჯერები მიჰყვებიან პროცესის შედარებით გასამარტივებლად.
კომპანიის ხარჯების ინტენსიური მონიტორინგი
ფინანსების სწორად მართვისთვის, აუცილებელია, ისეთი რეგულარული ხარჯების მუდმივი მონიტორინგი, როგორიცაა: ქირა, კომუნალური მომსახურება, თანამშრომელთა სახელფასო განაკვეთი. ასევე, არანაკლებ მნიშვნელოვანია, მუდმივად ცვლადი, მაგალითად, მარკეტინგისა და რეკლამის ხარჯების კონტროლიც. შემომავალი და გამავალი ფინანსების დეტალური აღრიცხვა, ბიზნესის მფლობელს ეხმარება ბიუჯეტის შედგენაში, პოტენციური რისკების შეფასებასა და სამომავლო ინვესტიციების დაგეგმვაში.
კომპანიაში მიმდინარე ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია ციფრული ტექნოლოგიების დახმარებით
ტექნოლოგიების განვითარებამ, ავტომატიზაციის სისტემების მეშვეობით, ბიზნესში ფინანსების ეფექტური მართვის პროცესი გაამარტივა. მაგალითად, შესაძლებელი გახდა ელექტრონულად ისეთი ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება, როგორიცაა, ინვოისის შედგენა, სხვადასხვა გადახდის განხორციელება და ა.შ.
ფინანსური პროცესების ავტომატიზაცია საუკეთესო სტრატეგიაა კომპანიის დროისა და ფულის დასაზოგად და შესაბამისად, აღნიშნულ რესურსის სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიმართულებით გამოსაყენებლად.
ფასებზე მოლაპარაკება
ნებისმიერ კომპანიას სჭირდება, როგორც მატერიალური რესურსით, ისე გარკვეული სერვისებით უზრუნველყოფა, რაც, ხარჯებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, ასეთი ტიპის ხარჯების შესამცირებლად, ფინანსური მენეჯერისთვის, აუცილებელია, ფასებზე მოლაპარაკების ტექნიკების ცოდნა.არაფერია მოსარიდებელი იმაში, რომ ფასზე ორმხრივად ხელსაყრელი შეთანხმება შედგეს. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რამის შეძენამდე იმ შეთავაზებებისა და ფასდაკლებების სრულად გაცნობა, რასაც კომპანია პარტნიორებს სთავაზობს.
შემოსავლების მუდმივი მონიტორინგი
გარდა ხარჯებისა, აუცილებელია კომპანიის ფინანსური მენეჯერი მუდმივად ადევნებდეს თვალს შემოსავლებს. ეს ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა ბიზნესის წარმატებისთვის. აღნიშნული დაკვირვება განსაზღვრავს, აქვს თუ არა კომპანიას საკმარისი სახსრები ყოველთვიური ხარჯების დასაფარად. ასევე, აუცილებელია საბანკო ანგარიშების რეგულარული შემოწმება, რათა ნაადრევად მოხდეს ნებისმიერი შეუსაბამობის იდენტიფიცირება და საჭიროების შემთხვევაში კორექტირება.
ბიზნესის ფინანსური გეგმის შედგენა
ბიზნესის ფინანსური გეგმის ქონა კომპანიას ეხმარება ფინანსების მომგებიანად მართვაში.
ეფექტური გეგმა უნდა მოიცავდეს:
- მოკლევადიან მიზნებს (გადასახადების შემცირება)
- გრძელვადიან მიზნებს (ბიზნესის განვითარების სტრატეგიის შექმნა)
გეგმის განხორციელების შემდეგ, აუცილებელია შედეგების კონტროლი, რათა განისაზღვროს რამდენად ეფექტურად მუშაობს გეგმა და რამდენად გონივრულია მიღებული გადაწყვეტილებები.
რომ შევაჯამოთ, ბიზნესის წარმატება დამოკიდებულია ფინანსების სწორ განკარგვასა და ინვესტირებაზე, სტრატეგიულად მომგებიან სფეროებში.
ფინანსების მენეჯმენტის ამ ხუთი სტრატეგიის გათვალისწინებით, თქვენ უკეთ გაიგებთ, სად მიდის კომპანიის ფული ყოველთვიურად და რა ნაბიჯები შეგიძლიათ გადადგათ ბიზნესისა თუ ერთეული პროექტების მომგებიანობის უზრუნველსაყოფად.