,,ჩვენ გვჯერა, რომ განათლების მიღებაში დახმარება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ არცერთი ბავშვის პოტენციალი და შესაძლებლობა უკვალოდ არ დაიკარგოს.''
იმ სამწუხარო რეალობის ფონზე, რომ 21-ე საუკუნეში ჩვენს ქვეყანაში განათლება ჯერ კიდევ არ არის ყველასთვის ხელმისაწვდომი, ვფიქრობთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია თანამშრომლობა „სმარტ აკადემიასა“ და პროექტ „ჩართე“- ს შორის, რომელიც იანვრის თვეში განხორციელდა და რომლის საფუძველზეც სოციალურად დაუცველ 3 უფროსკლასელს კომპიუტერები გადაეცათ. შეთანხმების თანახმად, იანვრის თვეში აკადემიის სტუდენტების მიერ გადახდილი თანხის 5% ამ ძალიან კარგ საქმეს მოხმარდა.
კომპიუტერსა და ინტერნეტზე წვდომა ავტომატურად გულისხმობს საგანმანათლებლო რესურსებზე ხელმისაწვდომობას, რაც შექმნის ყველა საჭირო პირობას საიმისოდ, რომ ბავშვებმა სათანადო განათლების მიღება შეძლონ.
ჩვენ გვჯერა, რომ განათლების მიღებაში დახმარება საუკეთესო საშუალებაა იმისათვის, რომ არცერთი ბავშვის პოტენციალი და შესაძლებლობა უკვალოდ არ დაიკარგოს. როცა მათ სურვილებსა და ემოციებს იგებ, ეს ფაქტი კიდევ უფრო თვალსაჩინო ხდება.

ელენე - 16 წლის
„ელენეს თქმით, ლეპტოპი მისი ოცნება იყო. სამომავლოდ გადაწყვეტილი აქვს, დაწყებითების მასწავლებელი გახდეს, თავისუფალ დროს კი სულ მღერის. უყვარს ქართული ენის გაკვეთილები, რადგან, როგორც ქართველს, მშობლიური ლიტერატურისა და ენის სრულყოფილად ცოდნა მნიშვნელოვნად მიაჩნია. რეპეტიტორებთან სიარულის საშუალება არ აქვს, თუმცა ეროვნულ გამოცდებზე გასვლას მაინც აპირებს, რათა თავი გამოცადოს. ახალი კომპიუტერი ცოდნის მიღების გზაზე მეგზურობას გაუწევს!“

მარიამი - 16 წლის
„ლეპტოპის მიღება განათლების მისაღებად და თანამედროვე ტექნოლოგიებში უკეთ გასარკვევად მჭირდებოდა, ახლა კი ამას თავისუფლად შევძლებ” - ჩაგვიწერა მარიამმა კითხვარში.
მისი ჰობი წიგნების კითხვაა, რადგან ბევრ ახალს სწავლობს. უნივერსიტეტი და სამომავლო პროფესია არჩეული აქვს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის ადმინისტრირების სწავლა სურს!

მარიამი - 17 წლის
მარიამი მათემატიკის მოყვარულია და ეკონომიკის ფაკულტეტზე ჩაბარება სურს თსუ-ში. თავისუფალ დროს მარიამი მხატვრულ ლიტერატურას კითხულობს.
„ლეპტოპი სწავლაში აუცილებლად დამეხმარება და სწავლაც ბევრად უფრო მარტივი და მხიარული იქნება” - გვიყვება მარიამი.
„სმარტ აკადემია“ მადლობას უხდის სტუდენტებს, რომლებმაც წვლილი შეიტანეს ამ ბავშვების ოცნების ახდენაში.