3 მიზეზი, რატომ არის საბავშვო ლიტერატურა მნიშვნელოვანი
სხვადასხვა ჟანრის ლიტერატურასთან წვდომა მნიშვნელოვანი წინაპირობაა ბავშვთა განვითარებისათვის. საზოგადოება, გამუდმებით უნდა ცდილობდეს, საკუთარი წვლილი შეიტანოს ბავშვებისათვის კითხვის სიყვარულის გაძლიერების პროცესში, რაც მრავალ მიზეზთა გამოა მნიშვნელოვანი.
წიგნის შეყვარების გზაზე გადებულ ერთგვარ ხიდს საბავშვო ლიტერატურა წარმოადგენს. სწორედ მისი მეშვეობით იწყებს ბავშვი ლიტერატურასთან ურთიერთობასა და მასზე რეაგირებას. ის ასწავლის ბავშვს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების პატივისცემას და ეხმარება ემოციური ინტელექტის განვითარებაში. დღეს იმ დადებითი ეფექტების შესახებ გიამბობთ, რომელსაც საბავშვო ლიტერატურა ბავშვებზე ახდენს.
შემეცნებითი განვითარებისათვის ხელის შეწყობა
საბავშვო ლიტერატურა ბავშვს აძლევს შესაძლებლობას, ჩამოიყალიბოს საკუთარი შეხედულება გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს ყველაფერი მას ღრმა აზროვნებისაკენ უბიძგებს, რაც თავის მხრივ, აძლიერებს მის შემეცნებით განვითარებას. ეს უკანასკნელი კი ბავშვის ისეთი უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს, რომელსაც მისი ტვინი აზროვნებისა და სწავლისათვის იყენებს. უფრო კონკრეტულად, შემეცნებითი უნარების განვითარებისას, ბავშვი იწყებს:
- ვარაუდების გამოთქმას
- საგნებსა და მოვლენებზე დაკვირვებას
- კრიტიკულ აზროვნებას
- პრობლემის გადაჭრაზე ფიქრს

სწორედ ზემოხსენებული ეხმარება ბავშვს აზრის პირადი შეხედულებებისამებრ ჩამოყალიბებასა და საკუთარი თავის უკეთ გამოხატვაში.
აყალიბებს პოზიტიურ დამოკიდებულებას უცხო კულტურის მიმართ
საბავშვო ლიტერატურა, განსხვავებული პერსონაჟების მისთვის გაცნობით, ხელს უწყობს ბავშვისათვის უცხო კულტურის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბებას, რაც ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს მისი როგორც სოციალური, ასევე პიროვნული განვითარებისათვის. თუმცა, მსგავსი ლიტერატურის შერჩევისას, სიფრთხილე აუცილებელია, რადგან მრავლადაა საბავშვო ლიტერატურა, რომელიც არაზუსტ და სტერეოტიპულ წარმოსახვებს აჩენს გარკვეული კულტურული ჯგუფების შესახებ
ავითარებს ემოციურ ინტელექტს
საბავშვო ლიტერატურა ბავშვს ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარება. მათში გადმოცემულ ისტორიებს შესწევთ ძალა, ხელი შეუწყონ ემოციურ და მორალურ განვითარებას. საბავშვო ლიტერატურა უამრავ მომენტს შეიცავს, როდესაც პერსონაჟები მორალურ გადაწყვეტილებს იღებენ და მათი მიღების განმაპირობებელ მიზეზებსაც განიხილავენ, სწორედ ამიტომ, ის ხშირად უბიძგებს ბავშვს საკუთარ გრძნობებზე ღრმა დაფიქრებისკენ.

საბავშვო ლიტერატურის დადებითი მხარეების შესახებ საუბარი დაუსრულებლად შეიძლება. ის ერთ-ერთი ყველაზე ღირებული საშუალებაა, ბავშვებისათვის მნიშვნელოვანი ფასეულობების დასანახად და სხვადასხვა სფეროების განსავითარებლად. სწორად შერჩეული საბავშვო ლიტერატურა, ბავშვს ხელს შეუწყობს ადრეულ სტადიაზევე ჩამოუყალიბდეს სწორი შეხედულებები, სადამდე მისასვლელადაც, მას საკუთარი უნარები დაეხმარება.