ფერადი ბაყაყი, რომელიც NFT კოლექციის შექმნის ინსპირაციად იქცა - გაიცანით როზა კაპანაძე
როზა კაპანაძემ 3 წლის წინ სამსახურიდან წამოსვლა და საკუთარი ბედის ახალ პროფესიაში ცდა გადაწყვიტა. ბავშვობიდან ხატვით გატაცებულმა, სმარტ აკადემიაში გრაფიკული დიზაინი შეისწავლა. ორთვიანი კურსის გავლის შემდეგ, დიზაინერისათვის საჭირო უნარებს დაეუფლა და დღეს უკვე საკუთარი ძალებით ცდილობს ცოდნის გაღრმავებასა და განვითარებას.
სულ ახლახან, როზამ ახალ სამყაროში ფეხის შებიჯება და საკუთარი NFT კოლექციის შექმნა გადაწყვიტა, რის შესახებაც თავად გვიამბობს.
"NFT დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია და ირგვლივ ყველა მასზე საუბრობს, რამაც ჩემი დაინტერესება გამოიწვია. ერთ დღესაც ვიფიქრე, რატომაც არ უნდა მეცადა ბედი ამ ახალ და შეუცნობელ სფეროში. დაახლოებით ერთი თვის წინ, საკუთარი კოლექციის შექმნა გადავწყვიტე. ჩემს ჩანახატებს გადავხედე და არჩევანი ფერად ბაყაყზე შევაჩერე, რომელსაც სხვადასხვა პატერნი მოვარგე. მინდოდა, რამე ახალი შემეთავაზებინა კოლექტორებისთვის. ახლა კი, როდესაც ჩემი კოლექცია უკვე ატვირთული მაქვს, დადგა ყველაზე რთული, ამ კოლექციის გაპიარებისა და მისი მყიდველამდე მიტანის ეტაპი, რაც არანაკლებ შრომას მოითხოვს."

"ორი კვირაც არ არის, რაც კოლექცია OpenSea-ზე ავტვირთე. ამ რამდენიმე დღის მანძილზე რჩევის მისაღებად უამრავ არტისტს მივწერე. გავიცანი ძალიან კარგი ადამიანები, რომლებმაც უანგაროდ მომცეს სასარგებლო რჩევები, რისთვისაც ძალიან მადლიერი ვარ."
საკუთარი კოლექციის შესახებ
ჩემი კოლექციის იდეა ფერადი და მრავალფეროვანი ბაყაყის ირგვლივ ტრიალებს. ის არის როგორც მარწყვი, ასევე მანგო და ა.შ. იდეა იქამდე გამიჩნდა, სანამ NFT სამყაროთი დავინტერესდებოდი. ძველ Sketchbook-ში მქონდა ჩახატული ფერადი ბაყაყი, რომელიც კოლექციისთვის შევარჩიე და შემდეგ მოვიდა სხვადასხვა პატერნის იდეა. უნიკალური, თავისთავად მისი არაორდინალურობაა, ადრე არ მომსვლია ბაყაყი და მარწყვი გამეერთიანებინა, რაც ალბათ NFT-ის ფორმატის დამსახურებაც არის.

სოციალური ქსელების როლი კოლექციის რეკლამირებაში
სოციალური ქსელი ნამდვილად მნიშვნელოვან როლს ასრულებს ისეთ საკითხებში, როგორიც კოლექციის რეკლამირება და ახალი ადამიანების გაცნობაა, რომელთაგანაც ბევრ სასარგებლო რჩევას ვიღებ. ერთდროულად რამდენიმე სოციალურ ქსელში - Linkedin-ზე, Twitter-ზე და Instagram-ზე ვცდილობ აქტიურობას, რაც ადვილი ნამდვილად არაა. დღითიდღე ვეცნობი სიახლეებს და ვხვდები, რომ წინ დიდი გზა მაქვს გასავლელი.
რჩევა NFT-ით დაინტერესებულ დამწყებ არტისტებს
ამ ეტაპზე, რჩევებს პირადი გამოცდილებით ვერავის მივცემ, რადგან ამ სფეროში წარმატება ჯერ-ჯერობით თავადაც არ მქონია, მაგრამ რაც თავად მირჩიეს და ვიცი, არის ის, რომ სოციალურ ქსელებში აქტიურობა და სიახლეების მუდმივი ძიება, ნამდვილად ამართლებს.
როზა კაპანაძის NFT ნამუშევრების ხილვა და შეძენა შეგიძლიათ აქ.
3 პროგრამა, რომელიც NFT სამყაროში თავის დასამკვიდრებლად გამოგადგება