0
მენიუ
banner banner

რატომ არის MEME-ების მარკეტინგული მიზნებისათვის გამოყენება კარგი იდეა

რატომ არის MEME-ების მარკეტინგული მიზნებისათვის გამოყენება კარგი იდეა

სტატისტიკურად, ადამიანი საშუალოდ 2 საათს ატარებს სოციალურ ქსელებში. სოც. მედია პლატფორმები გამოიყენება ახლობლებთან კავშირის შესანარჩუნებლად, ახალ ადამიანებთან დასაკავშირებლად, საკუთარი აზრის სასურველ აუდიტორიასთან გასაზიარებლად და ა.შ. 

დღესდღეობით, სხვადასხვა პლატფორმაზე კომუნიკაციის, ახალი აზრებისა თუ მიდგომების გაცვლის ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებად meme იქცა, რომელიც ერთგვარ კულტურულ ფენომენად გვევლინება. შაია ლაბაფი, კიანუ რივზი, ლეონარდო დიკაპრიო  - ყველა მათგანი მიმ პერსონაჟი და შესაბამისად, ინტერნეტ პოპ კულტურის ნაწილია. მათი ფოტოები გარკვეული იდეის სხვადასხვა გზებით გავრცელების საშუალებად იქცნენ.

და მაინც, რა კავშირშია მიმები და სოც. მედია მარკეტინგი? სწორედ მიმი წარმოადგენს შესაძლებლობას, შთაბერო ახალი სული სოციალური მედიის სტრატეგიას. ხოლო, თუ მას საკუთარ კონტენტს ზუსტად მოარგებ, მაშინ მარკეტინგული მიზნებისათვის მის გამოყენებასაც შეძლებ.

მიმების მარკეტინგული მიზნით გამოყენების ყველაზე დიდი უპირატესობა ისაა, რომ შენ იღებ კონცეფციას, რომელიც უკვე პოპულარობით სარგებლობს ინტერნეტ მომხმარებლებში. ამას ემატება ისიც, რომ სახალისო მიმების შექმნა სულ უფრო მარტივი ხდება, რაც როგორც გამოსაყენებელი მიმების სიმრავლით, ასევე იმ აპლიკაციებისა თუ ვებგვერდების რაოდენობის ზრდითაა განპირობებული, სადაც მათი შექმნაა შესაძლებელი.

საკმარისი მცდელობის შემდეგ შექმნილი მიმი დააგროვებს მოწონებებს, გაზიარებებსა და კომენტარებს. მიმის აღწერაში შესაძლებელია დართული იყოს ბმულები, ან აუდიტორია გადამისამართებულ იქნეს გარკვეულ ვებგვერდზე, რაც მიმისგან მიღებულ სარგებელს, კიდევ უფრო გაზრდის.

მეტი თვალსაჩინოებისათვის, გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი ბრენდის მაგალითს, რომელთაც მიმები სოც. მედია კამპანიის წარმართვისას გამოიყენეს.

Gucci

გუჩი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ცნობილი მოდის ბრენდია. 2017 წლის #TFWGucci კამპანიისას, გუჩიში გადაწყვიტეს ყველასათვის ეჩვენებინათ, რომ ისინი მარკეტინგის თანამედროვე ტრენდებსაც არ ტოვებენ უყურადღებოდ. მიმებით, რომელიც გუჩის ოფიციალურ სოციალური მედიის გვერდებზე განთავსდა, მათ სამიზნე აუდიტორიას დაანახეს, რომ გუჩისაც შეუძლია იყოს “ჰიპი”.


და მაინც, რას შეეხებოდა კამპანია #TFWGucci? ის გუჩის ახალი საათების ხაზის რეკლამირებას ისახავდა მიზნად.

გუჩის სოციალურ გვერდებზე განთავსებული მიმები იყო აბსურდული და სახალისო. მათ შექმნაში მონაწილეობას იღებდნენ ადამიანები, მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებიდან. პოსტების ქოფი კი დახუნძლული იყო დეტალებით, რომელიც მიმის შემქმნელს შეეხებოდა.

კამპანიის ლენდინგ გვერდზე მომხმარებელს მიმების ისტორიასთან დაკავშირებული, განმარტებითი ვიდეოც კი ხვდებოდა, რათა უკეთ გასცნობოდა ახალ ტრენდს. აღნიშნულმა სტრატეგიულმა ხერხმა, ბრენდის სოც. მედია მარკეტინგი ბევრად მრავალფეროვანი გახადა.

Seamless

ამერიკის მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ონლაინ საკურიერო მომსახურების სერვისი - "Seamless" ხშირად იყენებს სოციალურ მედიას საკუთარ მომხმარებელთან მჭიდრო კავშირის შენარჩუნების მიზნით.

2014 წელს, მათ გადაწყვიტეს საკუთარი კრეატივი მიმ მარკეტინგისაკენ მიემართათ. კომპანიის სოც. მედია მარკეტინგზე პასუხისმგებელმა პირებმა შექმნეს მიმები, რომლებიც ოსკარზე ნომინირებული ფილმების სახელების სახალისო ტრანსფორმაციაზე იყო დაფუძნებული. მიმ კამპანიამ - #OscarNomNoms, სოც. მედია პლატფორმა Twitter-ზე დიდი გამოხმაურება დაიმსახურა.

სწორედ ასე იქცა “ვოლ სტრიტის მგელი” - “ვაფლ სტრიტის მგლად”.

რა შედეგი მოყვა აღნიშნულ კამპანიას? ის მომხმარებლებში ვირუსულად გავრცელდა, რაც ორი მიზეზით იქნა განპირობებული - დროის სწორად შერჩევისა და იდეის სამიზნე აუდიტორიამდე სწორი გზით - მიმებით მიტანის მეშვეობით 

BarkBox

ნიუ-იორკში დაფუძნებული კომპანია "BarkBox" მომხმარებლებს გამოწერის სერვისს სთავაზობს. კომპანიას ყოველთვიურად ნახევარ მილიონზე მეტი მომხმარებელიც ჰყავს, რომელთაც თავიანთი ძაღლებისათვის საჭირო პროდუქტებისა და სერვისების მიღება სურთ. მთავარი, რაც "BarkBox"-ის სამიზნე აუდიტორიას ერთმანეთთან აკავშირებს, ძაღლების მიმართ სიყვარულია.

კომპანიაში მალევე მიხვდნენ, რომ თუ ისინი ძაღლებთან დაკავშირებულ მიმებს მარკეტინგული მიზნებისათვის გამოიყენებდნენ, თავიანთ სამიზნე აუდიტორიას უფრო მარტივად მიწვდებოდნენ. სწორედ ამიტომ, საკუთარი პროდუქტების რეკლამირების ნაცვლად, "BarkBox"-მა გადაწყვიტა ლეკვების მოყვარულთა დიდი აუდიტორია, მიმების გამოყენებით, კომპანიის გარშემო შემოეკრიბა.

მათ მიმებზე, ძაღლების პატრონები მარტივად ამოიცნობდნენ საკუთარ თავს, სოციალური მედიის პოსტების კომენტარებში კი ხშირად თავიანთ მეგობრებსაც ნიშნავდნენ. სწორედ ასე გაზარდა "BarkBox"-მა საკუთარ სერვისზე მოთხოვნა.

როგორ ვაწარმოო ეფექტური მიმ მარკეტინგი? 

არ არსებობს წესები, რომელთა დაცვაც შენ მიმ მარკეტინგის გამოყენებისას დაგჭირდება, თუმცა შემდეგი რჩევების გათვალისწინების შემთხვევაში, მიმ მარკეტინგის წარმატებით დასრულების მეტი შანსი არსებობს:

გაიცანი საკუთარი აუდიტორია 

ისევე, როგორც სხვა ტიპის სოც. მედია მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებისას, საკუთარი აუდიტორიის კარგად ცოდნა, მიმ მარკეტინგის წარმოებისასაც დაგჭირდება. სწორედ ეს წარმოადგენს კარგი მიმის შექმნის პირველ საფეხურს.

მაგალითისათვის, თუ შენი ბრენდის აუდიტორია ახალგაზრდა თაობისაგან შედგება - შექმენი მიმი იმ თემებთან დაკავშირებით, რითაც ისინი არიან დაინტერესებულნი. ეს შეიძლება იყოს ნეტფლიქსის სერიალები ან ტრენდული თამაშები.

შესძინე მეტი ორიგინალურობა პოპულარულ მიმს

რასაკვირველია, შენ გსურს მისწვდე რაც შეიძლება მეტ ადამიანს, სამიზნე აუდიტორიიდან და მათზე კარგი შთაბეჭდილება დატოვო. თუმცა, არ უნდა დაგავიწყდეს, რომ მიმ მარკეტინგის გამოყენების მთავარი მიზანი, საკუთარი ბრენდის შესახებ ცნობადობის გაზრდაა.

სოციალურ მედიაში მიმებს ისედაც ყველა აზიარებს. ასე რომ, მოგიწევს დამატებითი დეტალები შესძინო მათ. ისედაც პოპულარული მიმის გადაზიარების ნაცვლად, შენ საქმეში მეტი კრეატივის ჩართვა მოგიწევს.

ხშირად გამოიყენე საკუთარი ბრენდის სახელი ონლაინ მარკეტინგული მიზნებისათვის 

პირველ რიგში კარგად გაეცანი კონკრეტული მიმის კონცეფციას, შემდგომ კი ის შენს ბრენდსა თუ პროდუქტს დაუკავშირე. სოციალური მედიის მეშვეობით, მიმ მარკეტინგის კონკრეტულ ბრენდზე მოსარგებად, შენ შესაძლოა მიმად აქციო სლოგანი, სახელი ან ის მიზანი, რომელსაც ბრენდი ემსახურება. 

მაგალითისათვის, კომპანია "Ruffles" ხშირად იყენებს საკუთარ სახელს იმ მიმებში, რომლებიც ვირუსულად ვრცელდება სოციალურ ქსელში. ამ ტიპის სტრატეგია ბრენდს უფრო დასამახსოვრებელს ხდის.

მუდმივად თვალი ადევნე ტრენდებს

სოც. მედიაში მიმ მარკეტინგის წარმატებულობის ერთ-ერთი განმაპირობებელ ფაქტორს, დროის ზუსტი შერჩევა წარმოადგენს. შენ უნდა მიჰყვე Twitter-ის, Facebook-ისა და Instagram-ის ტრენდებს, რათა გაიგო, რაზე საუბრობს ხალხი სხვადასხვა სოც. მედია პლატფორმაზე.

თუ შენ მოახერხებ შექმნა მიმი იმ დროისათვის ყველაზე პოპულარულ ტრენდზე, დიდი ალბათობით, სოციალურ მედიაში შენი მიმი ვირუსულად გავრცელდება.

ამერიკული სარესტორნო ქსელი “Denny’s” სწორედ ამგვარი, ზუსტ დროს განთავსებული მიმებითაა ცნობილი, რომელსაც დამატებით, საკუთარ, განსხვავებულ დეტალებს სძენს.

ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას წარმოადგენს, Apple-ის მიერ ახალი Mac Pro-ს წარდგენის შემდგომ, სარესტორნო ქსელის მიერ განთავსებული ფოტო, რომელზეც კომპიუტერული ტექნიკის გვერდით, ყველის სახეხი ჩანდა. საქმე იმაშია, რომ ხალხი ინტერნეტში ხშირად აღნიშნავდა Mac Pro-სა და ყველის სახეხის მსგავსების შესახებ, “Denny’s”-ის დროულმა ქმედებამ კი აღნიშნული საკითხი, კიდევ უფრო აქტუალური გახადა.


სოც. მედია მარკეტინგისას, ნუ გამოიყენებ მიმებს ძალიან ხშირად

როგორც ნათელი გახდა, მიმები ეფექტური საშუალება მარკეტინგული სტრატეგიის წარმატებით შესასრულებლად, თუმცა სოციალურ ქსელში მათი ინტენსიური განთავსებით, აუდიტორიას გაუჩენ განცდას, თითქოს ზედმეტად ცდილობ ყურადღების მიქცევას. გახადე შენი მიმები იშვიათი, რაც მიმდევრებს მეტ მოლოდინს გაუჩენს, ხოლო თავად მიმების ხარისხის დაცემის საკითხს, ბევრად ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მიმ მარკეტინგი მიმების ნებისმიერ ფორმატში გამოყენებას გულისხმობს, რომლის მიზანიც ბრენდისა და პროდუქტის რეკლამირებაა. ეს შეიძლება იყოს იუმორნარევ ფოტოები, გიფები და ვიდეოები, რომლებიც რელევანტურია ბრენდთან მიმართებით და რომელსაც შესწევს ძალა აუდიტორიას თავი დაამახსოვროს. 

მიმები, სოც. მედია მარკეტინგის წარმოების ერთ-ერთ საშუალებას წარმოადგენს. 

სოციალური მედია მარკეტინგის კურსზე დასარეგისტრირებლად ეწვიე ბმულს. 

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები