0
მენიუ
banner banner

მოქმედი პოლიტიკოსები, რომლებმაც სახელი სხვა საქმიანობით გაითქვეს

მოქმედი პოლიტიკოსები, რომლებმაც სახელი სხვა საქმიანობით გაითქვეს

დღესდღეობით, მსოფლიოში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ჩვენი ყურადღება გარკვეული პოლიტიკოსებისკენაა მიმართული. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მათგანის ამ ამპლუაში ხილვა, წლების წინ რთულად წარმოსადგენი თუ იქნებოდა. სწორედ იმ პოლიტიკოსების შესახებ მოგიყვებით, რომლებმაც პოპულარობა სხვა გზით მოიპოვეს. 

ვოლოდიმირ ზელენსკი 

უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა და თანამედროვეობის გამორჩეულმა ფიგურამ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პოპულარობა იქამდე მოიპოვა, სანამ საკუთარ ბედს პოლიტიკას დაუკავშირებდა.

ზელენსკიმ უკრაინელ ხალხს თავი თავდაპირველად, როგორც კომიკოსმა, ისე შეაყვარა. მოგვიანებით, მან ბედი სამსახიობო ასპარეზზეც სცადა. სწორედ 2015 წელს გამოსულ სერიალში შესრულებული როლი იქცა მისი ცხოვრების ერთ-ერთი გარდამტეხ მომენტად. 

სერიალში  “Servant of the People”, რომლის იდეის ავტორი, პროდიუსერი და მთავარი როლის შემსრულებელი თავან ვოლოდიმირ ზელენსკია, მოთხრობილია მასწავლებლის ისტორია, რომელიც მოულოდნელად უკრაინის პრეზიდენტი გახდა.

2018 წელს, ზელენსკიმ შექმნა პოლიტიკური პარტია, რომელსაც სერიალის მსგავსად  “Servant of the People” ეწოდა. 2019 წლის აპრილში კი, სერიალის დასრულებიდან დაახლოებით 1 თვის შემდეგ, საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და მეორე ტურში, ხმათა 70%-ით გამარჯვებაც მოიპოვა. 

სერიალი ზელენსკის პოლიტიკური კარიერის ერთგვარ წინასწარმეტყველებად იქცა

ბორის ჯონსონი 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი ბორის ჯონსონი 2 ათწლეულზე მეტია პოლიტიკურ საქმიანობას ეწევა. იქამდე, სანამ ის პარლამენტის წევრი, ლონდონის მერი, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და საბოლოოდ, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდებოდა, ჯონსონმა ბედი ცნობილ საგაზეთო გამოცემებში მოსინჯა.

1987 წელს მან რეპორტიორად მუშაობა დაიწყო გაზეთ “The Times”-ში. თუმცა, ის მალევე გაეხვა სკანდალში, როდესაც არქეოლოგიასთან დაკავშირებული სტატიის წერისას, მოიგონა ფრაზა, რომელიც მის ნათლიას, ისტორიკოს კოლინ ლუკასს მიაწერა. მას შემდეგ, რაც ედიტორმა ჩარლზ ვილსონმა ამის შესახებ შეიტყო, ბორისი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

ჯონსონმა რეპორტიორის კარიერა “The Daily Telegraph”-ში გააგრძელა. მისი სტატიები იდეალურად ერგებოდა საშუალო კლასის, შუა ხნის მკითხველებს. ბორისის წერის სტილში შეინიშნებოდა ლიტერატურული გავლენა, ის იყენებდა ძველმლოდურ სიტყვებსა და ფრაზებს, მკითხველს კი ხშირად მოიხსენებდა, როგორც “მეგობრებს”. 

ჟორჟ ვეა

ლიბერიის პრეზიდენტი ჟორჟ ვეა პოლიტიკური კარიერის დაწყებამდე ცნობილი ფეხბურთელი იყო, რომელმაც ევროპული კარიერის განმავლობაში მრავალი სახელოვანი კლუბი გამოიცვალა.

ჟორჟ ვეას პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა თითქმის 20 წელს ითვლის, რა დროის განმავლობაშიც, ფეხბურთელმა 200-ზე მეტი გოლის გატანა მოახერხა. მან 6 სხვადასხვა კლუბში შეძლო ტიტულის მოგება, მათ შორის, გახდა იტალიისა და საფრანგეთის ჩემპიონატების გამარჯვებული.

ვეას კარიერულ მწვერვალს მილანში გატარებული დრო წარმოადგენს, სადაც ფეხბურთელმა ოქროს ბურთის მოპოვება მოახერხა. ეს არის ჯილდო, რომელსაც კონკრეტული წლის მიღწევების მიხედვით, საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემენ. ის დღემდე რჩება ერთადერთ აფრიკელ ფეხბურთელად, რომელმაც აღნიშნული ჯილდოს მოპოვება შეძლო.

ხსენებული შემთხვევები გვიჩვენებს, რომ პოლიტიკური კარიერის საწყის ეტაპზე, წარსულში დამსახურებული ხალხის სიყვარული ბევრს ნიშნავს, თუმცა ახალ ამბავს არ წარმოადგენს, რომ მთავარი მაინც ისაა, როგორ მოახერხებ პოლიტიკური საქმიანობისას აღნიშნული სიყვარულის შენარჩუნებას. თუ წარსულს ჩავხედავთ, ამის ნათელ მაგალითს რონალდ რეიგანი წარმოადგენს, რომელიც ჰოლივუდის მსახიობობიდან, ბევრისათვის ამერიკის შეერთებული შტატების ყველა დროის საუკეთესო პრეზიდენტად იქცა.

სხვა სტატიები

ყველა სტატია

სასურველი კურსები