გრაფიკული დიზაინერები, რომელთაც საკუთარი სახელი მუსიკისა და კინოს ისტორიაში ჩაწერეს
გრაფიკულ დიზაინერებს, შესაბამისი სპეციალიზაციის შემდეგ, შესწევთ ძალა, სურვილის შემთხვევაში, მჭიდრო კავშირი ჰქონდეთ კინოსა და მუსიკასთან. ზოგჯერ კი, ისინი იმდენად მნიშვნელოვან როლსაც თამაშობენ, რომ ეს სრულებით საკმარისი აღმოჩნდება მათი სახელის უკვდავსაყოფად. სწორედ ასეთ ადამიანებზე მოგიყვები.
გრაფიკული დიზაინერები ცნობილი ალბომების ვიზუალების მიღმა
ვონ ოლივერი
დღესდღეობით ლეგენდარულ არტისტად მიჩნეულმა ვონ ოლივერმა გრაფიკული დიზაინი ნიუკასლის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში შეისწავლა. 80-იან წლებში, ის მუსიკალური დიზაინის ბიზნესს შეუერთდა და დიდი რეპუტაციაც მოიპოვა ბრიტანულ მუსიკალურ ლეიბლთან “4AD”-სთან თანამშრომლობის პერიოდში.
მას ეკუთვნის ისეთი ჯგუფების ალბომების გარეკანის ვიზუალი, როგორიცაა:
Pixies
This Mortal Coil
Cocteau Twins
The Mountain Goats
როგორც თავად დიზაინერი იხსენებს, ბენდ Pixies-თან 30 წლიანი თანამშრომლობა ნატურალური ინსპირაცია იყო მისთვის, როგორც არტ დირექტორისა და გრაფიკული დიზაინერისათვის. ოლივერის საუკეთესო ნამუშევრად, სწორედ ზემოხსენებული ჯგუფის ალბომის, “Doolittle”-ის გარეკანისათვის შექმნილი ვიზუალია მიჩნეული.

სტორმ ტორგერსონი
ინგლისელი გრაფიკული დიზაინერი სტორმ ტორგერსონი ბავშვობიდან მეგობრობდა Pink Floyd-ის ლეგენდარულ წევრ როჯერ ვეიტერსთან და რაგბის გუნდშიც კი თამაშობდა მასთან ერთად. თუმცა, მათი პროფესიული გადაკვეთა კარიერის საწყის ეტაპზე, არც თუ ისე პროგნოზირებადი იყო.
თავდაპირველად, ტორგერსონი ინგლისურ ენასა და ფილოსოფიას სწავლობდა ლესტერის უნივერსიტეტში, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ საკუთარი თავი, მეგობრის მსგავსად, ხელოვნებისათვის უნდა დაეკავშირებინა.
24 წლის ასაკში, ის გახდა თანადამფუძნებელი გრაფიკული არტ ჯგუფისა “Hipgnosis”, სადაც სხვადასხვა დასამახსოვრებელ პროექტზე მოუწია მუშაობა ობრი პოუელთან და პიტერ კრისტოფერსონთან ერთად.
სტორმმა თავის ჯგუფთან ერთად შემდეგი ჯფუგების ალბომების გარეკანებზე იმუშავა:
Pink Floyd
Led Zeppelin
AC/DC
Muse
შთამბეჭდავი სიის მიუხედავად, მის საუკეთესო ნამუშევრად, ერთხმად მიიჩნევა Pink Floyd-ის “The Dark Side of the Moon”. როგორც ობრი პაუელი იხსენებს, სტორმმა მას ძველ წიგნში აღმოჩენილი პრიზმის ფოტოსურათი უჩვენა, რომელიც შავ-თეთრი იყო, თუმცა მასში ფერადი სხივი გადიოდა, რაც ცისარტყელას ეფექტს ქმნიდა. ტორგერსონისათვის ინსპირაციად სწორედ ეს სურათი იქცა.
გარეკანი არამხოლოდ Pink Floyd-ისათვის, არამედ მუსიკის ისტორიაში შექმნილ ერთ-ერთ საუკეთესო დიზაინადაა მიჩნეული.

პიტერ სევილი
ინგლისელი არტ დირექტორი პიტერ სევილი გრაფიკული დიზაინერის პროფესიას მანჩესტერის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში დაეუფლა. ცნობილ ჟურნალისტსა და რადიოწამყვან ტონი ვილსონთან შეხვედრის შემდეგ კი მისი და მუსიკის გზა სამუდამოდ გადაიკვეთა.
წლების განმავლობაში, პიტერმა შექმნა ალბომის გარეკანის ვიზუალები ისეთი მუსიკალური ჯგუფებისთვის, როგორებიც იყვნენ:
Joy Division
New Order
Suede
Pulp
გასაკვირი არ იქნება, თუ ვიტყვი, რომ პიტერის ყველაზე ცნობილი ნამუშევარი Joy Division-ის ალბომის, “Unknown pleasures”-ის ვიზუალია. გარეკანზე გამოსახულია კოსმოსური წარმომავლობის რადიოტალღური სიხშირეები, რომელიც ალბომის გამოსვლამდე წლებით ადრე იქნა დაფიქსირებული. აღნიშნული გარეკანი ისეთივე შთამბეჭდავია, როგორც თავად ალბომი და მასში შემავალი თითოეული სიმღერა.

გრაფიკული დიზაინერი, რომელმაც კინემატოგრაფია შეცვალა
სოლ ბესი
გსმენია სოლ ბესზე? ადამიანზე, რომელმაც გიგანტურ კორპორაციებს საკუთარი მინიმალისტური დიზაინის სტილი მოარგო. თუმცა, ბესი ცნობილი მხოლოდ ლოგოს დიზაინების გამო არ გამხდარა, მან კინოს სამყაროშიც მოახერხა საკუთარი სახელის დატოვება.
1954 წლის ფილმის - “Carmen Jones”-ისათვის შექმნილი პოსტერით, 34 წლის დიზაინერმა კინოსამყაროს დიდი ყურადღება მიიპყრო. ფილმის შემქმნელები, მალევე მიხვდნენ, რომ ბესს შეეძლო საკუთარი დიზაინები ფილმის შინაარსისათვის იდეალურად მოერგო.

თუმცა, პოსტერები არ არის ერთადერთი რამ, რაც კინომოყვარულთათვის სოლთან ასოცირდება. ბესმა რევოლუცია მოახდინა ფილმის დაწყების სტილზე, როდესაც მაყურებელი ფილმის რეჟისორებს, საშემსრულებლო დასსა და მის შექმნაში მონაწილე სხვა მნიშვნელოვანი პირების სახელებს ტიტრების მეშვეობით ეცნობა. თავდაპირველად, აღნიშნული მაყურებელს სტატიკური და უღიმღამო სტილით მიეწოდებოდა. გაცნობითი ტიტრები ერთგვარი გარდაუვალი აუცილებლობა იყო, რომლის დასასრულსაც, ყველა სულმოუთქმელად ელოდა.
ბესი, თავის მხრივ, დარწმუნებული იყო, რომ ზემოხსენებული ტიტრების მაყურებლამდე ლამაზად მიწოდება, ისეთივე მნიშვნელოვანი იყო ფილმისათვის, როგორც მისი სცენარი, რეჟისურა თუ საშემსრულებლო ასპექტები. სწორედ ამიტომ წარადგინა მან საკუთარი - “კინეტიკური სტილი”, სადაც ასოები მოძრაობდა მთელს ეკრანზე და ხშირად ერთიანდებოდა მისსავე შექმნილ ვიზუალებთან.

ბესმა იქამდე მოსაწყენი, “ტიტრების სცენად” წოდებული შესავალი, ნამდვილ სპექტაკლად აქცია.
სოლის სიყვარულმა ფილმების მიმართ, რასაც მისი შესანიშნავი დიზაინერული უნარები ერთოდა, მას შესაძლებლობა მისცა ფილმის პოსტერებსა თუ ტიტრებზე ეთანამშრომლა ისეთ რეჟისორებთან, როგორებიც - ალფრედ ჰიჩკოკი, ოტო ფრემინგერი და მარტინ სკორსეზე არიან.ზემოხსენებული მაგალითებიდან გამომდინარე, ნათელია, რომ გრაფიკული დიზაინერის პროფესიაში, ყოველთვისაა შესაძლებლობა გადაეკვეთო სფეროს, რომელიც გიყვარს და ახლოსაა შენთან. არც ის დაგავიწყდეს, რომ ამ საქმიანობაში ფეხის მოკიდება არასდროსაა გვიან, წინააღმდეგ შემთხვევაში, არც სტორმ ტორგერსონსა და The Dark Side of the Moon-ის ლეგენდარულ გარეკანზე მომიწევდა წერა და ფილმების დასაწყისიც, შესაძლოა დღემდე ისეთივე მოსაწყენი ყოფილიყო ჩვენთვის, როგორიც სოლ ბესის გამოჩენამდე იყო.
მნიშვნელოვანი არა მხოლოდ ის არის, აკეთო საქმე, რომელიც შენთვის მოსაწყენი არაა, არამედ ისიც, რომ აღნიშნული საქმე იმ სფეროსთან კვეთის შესაძლებლობასაც გაძლევდეს, რომელიც შენთვის სულ ერთი არ იქნება. სწორედ ამ დროს გაქვს ყველაზე კარგი შესაძლებლობა განავითარო საკუთარი თავი, აიწყო წარმატებული კარიერა და ემსახურო სფეროს, რომელიც გიყვარს.
გრაფიკული დიზაინის შესწავლა სმარტ აკადემიაში შეგიძლია.
კურსზე დასარეგისტრირებლად, ეწვიე ბმულს.