როგორ მოიგო არჩევნები ობამამ ციფრული მარკეტინგით – 4 გაკვეთილი
„ამისტებად“ და „იმისტებად“ დაყოფილი საზოგადოება... ნებისმიერი დაპირებისთვის მზადმყოფი პოლიტიკოსები, შეიარაღებულნი აქტივისტებითა და ფასიანი თუ უფასო სარეკლამო რგოლებით… მიხვდით, ჰო? ეს არჩევნებია. აქ მთავარი პოლიტიკური კამპანიები და პროგრამებია, თუმცა პოლიტიკოსის იმიჯსაც დიდი როლი აქვს.
სწორედ აქ ჩნდება პოლიტიკური მარკეტინგული სტრატეგია. Merriam-Webster-ი მარკეტინგს განმარტავს, როგორც საქმიანობას, რომელიც მოიცავს ხალხის ინფორმირებას პროდუქტის შესახებ. პოლიტიკაში პროდუქტი არის კანდიდატი. დღეს, პოლიტიკა და მარკეტინგი ერთმანეთთან მჭიდროდაა შეჭიდული.
მარკეტინგისა და პოლიტიკის მეგობრობის ისტორია
1. შავი პიარი
ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა 1800-იანი წლების დასაწყისში თომას ჯეფერსონის მხარდამჭერებმა ჯონ ადამსის წინააღმდეგ ანტიპიარი ააგორეს და შეთხზეს ლეგენდა მისი მონარქისტობის შესახებ. არც ადამსის ხალხმა დააყოვნა და ჯეფერსონი ათეისტად მონათლა. მას შემდეგ წინასაარჩევნოდ კონკურენტების ყბადაღებული ლანძღვა და ნეგატიური მარკეტინგი პოლიტიკური კამპანიების განუყოფელ ნაწილად იქცა.
ობამას და რომნის საპრეზიდენტო კამპანიის რეკლამების 80 პროცენტზე მეტი უარყოფითი შინაარსის იყო. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამას ბინძურ და არასპორტულ მეთოდად მიიჩნევს, ფაქტია, რომ მუშაობს. ზოგიერთმა კარგად ორგანიზებულმა ნეგატიურმა კამპანიამ, შეიძლება წარმოუდგენლად დიდი გავლენა მოახდინოს არჩევნებზე. მაგალითად, Swift Boat Vets – 2004 წლის, კანდიდატ ჯონ კერის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომლის მიხედვითაც, მან მოატყუა ვიეტნამის სამსახური მედლის მოსაპოვებლად და პოლიტიკური კარიერის ასაწყობად. სენატორმა კერიმ ამ ყველაფერს ტყუილი უწოდა და ხალხს ბუშის ხრიკებისკენ მიანიშნა.
ფაქტია, პოლიტიკოსები ერთმანეთის წინააღმდეგ შავი პიარის აგორებას არასდროს შეწყვეტენ, თუმცა საბედნიეროდ, საკუთარი თავის გამოხატვის სხვა გზებსაც აქტიურად იყენებენ.
2. საჯარო გამოსვლები
ჯონ კენედი ითვლება პირველ პრეზიდენტად, ვისაც ტელევიზიაში გამოსვლის არ ეშინოდა, მაგრამ ის არ გახლდათ პირველი, ვინც PR კამპანიისთვის ამ საშუალებას მიმართა. ფრანკლინ რუზველტი იყო პირველი პრეზიდენტი, რომელიც ტელევიზიაში გამოჩნდა, ხოლო 1947 წელს თრუმენი იყო პირველი, რომელმაც ტელევიზიით საპრეზიდენტო მიმართვა გაავრცელა. კენედი კი საჯარო გამოსვლების ექსპერტად რჩება, დაწყებული 1960 წლის ცნობილი სატელევიზიო დებატებით რიჩარდ ნიქსონთან, გაგრძელებული სატელევიზიო საინფორმაციო კონფერენციებითა და ინტერვიუებით. პრეზიდენტი ობამა კი სამართლიანად ითვლება „პირველ სოც. მედია პრეზიდენტად“.
3. ციფრული მარკეტინგი
ცხადია, რომ ინტერნეტმა პოლიტიკური კამპანიები შეცვალა. ახლა, არჩევნებში მონაწილეებს ონლაინ აქტიურობა უწევთ, რისთვისაც იმაზე მეტი არხი აქვთ, ვიდრე უბრალოდ ბილბორდები და პრესაა.
ობამას ორივე საპრეზიდენტო კამპანია არჩევნებში ციფრული მარკეტინგით გამარჯვების მასტერკლასია. მანამდე, მსგავსი დატვირთვით ინტერნეტი არც ერთ პოლიტიკოსს არ გამოუყენებია.
2008 წელს ობამამ შეძლო ციფრული ბრენდის შექმნა. ერთი შეხედვით მისი უბრალო გზავნილი იმის შესახებ, რომ ცვლილებები იყო საჭირო და ნარატივი, რომ პოლიტიკური აუთსაიდერი გახდა, ფართო საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი შეტყობინებები აღმოჩნდა. ის ციფრული საშუალებებით მისწვდა იმ აუდიტორიას, რომლებსაც საერთოდ არ აინტერესებდათ, ვინ იქნებოდა პრეზიდენტი, თუმცა ობამას მესიჯები უბრალოდ ჩასქროლვად არ ღირდა… მან ახალგაზრდები და უმცირესობათა კლასები არჩევნებზე მასობრივად დაარეგისტრირა.
ბარაკ ობამას ციფრული სტრატეგია
პოლიტიკურმა მედია სააგენტომ EngageDC ობამას კამპანიის ციფრული საიდუმლოებების შესახებ 93-გვერდიანი სიღრმისეული მიმოხილვა „მღვიმის შიგნით", გამოაქვეყნა. Mashable-მა კი რამდენიმე ძირითადი კვანძი იპოვა და ობამას გამარჯვება 4 ფაქტორით ახსნა:
I. ობამამ დაიქირავა ციფრული ტექნოლოგები და არა პოლიტიკოსები
ობამასთვის მუშაობდნენ:
- ტექნიკური ოფიცერი ჰარპერ რიდი – ანტრეპრენერი, Braintree-ის, PayPal-ის შვილობილი კომპანიის კომერციული დირექტორი;
- მეცნიერი რაიდ ღანი – მენეჯმენტის ფირმა Accenture-ის ანალიტიკური კვლევის დირექტორი;
- მონაცემთა უფროსი ანალიტიკოსი, მიქელანჯელო დ'აგოსტინო – პროფესიით ნაწილაკების ფიზიკოსი.
მათ შექმნეს სტარტაპი უფრო კამპანიის ფარგლებში, უფრო დიდი მიზნებისთვის.
როგორ მოახერხა ობამამ მათი შეკრება? ტექნოლოგიურ სფეროებში მომუშავე ადამიანების შესახებ მოაგროვა ინფორმაცია, რათა ეპოვა დაინტერესებულები. შემდეგ გაუგზავნა ეს წერილი:
„თქვენ ხართ ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვანი ადამიანებიდან, ვინც ეს წერილი მიიღო, იმის საფუძველზე, რაც თქვენ ობამას ორგანიზაციას წარსულში უთხარით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ თქვენ შეიძლება იცნობდეთ ვინმეს, ვისაც უნდა დატოვოს თავისი სამსახური და შემოუერთდეს ობამას ციფრული კამპანიის გუნდს, მომდევნო 18 თვის განმავლობაში. ის არ გადაიხდის კარგად, გრაფიკიც საშინელია ...“
ტექნოლოგებზე აქცენტი ზედა რგოლის თანამშრომლებზე გაკეთდა. მოგვიანებით, ობამამ გახსნა ტექნოლოგების ოფისი (Technology Field Office), სან ფრანცისკოში, სადაც 100-ზე მეტი მოხალისე შეიკრიბა.
II. ენდობოდა ანალიტიკას
ობამას გუნდმა გაიაზრა ის, რაც ტექნოლოგიურმა სტარტაპებმა უკვე წლებია იციან – მონაცემები არ იტყუება და ანალიტიკა წარმატების გასაღებია. ისინი ციფრული ტაქტიკებიდან ორგანიზაციულ საკითხებამდე კვლევების მეთოდებს იყენებდნენ.
ობამას ანალიტიკოსთა გუნდი 2012 წელს 5-ჯერ მეტი იყო, ვიდრე 2008 წელს.
III. სოციალური ქსელი, როგორც მთავარი იარაღი
მეორე კამპანიის ბოლოს, ობამას ფეისბუქ გვერდს 34 მილიონი მიმდევარი ჰყავდა. Twitter-ზე – 24 მილიონი და მისი გამარჯვების აღსანიშნი ფოტო იყო მისი ყველაზე პოპულარული „ტვიტი“. ამერიკელი ფეისბუქმომხმარებლების 98% ობამას ამომრჩეველთან მეგობრობდა. მისმა გუნდმა 18-29 წლის მოსახლეობა მობილური რეკლამის საშუალებით არჩევნებზე მიიყვანა და მხარდაჭერისა თუ ინფორმაციის გავრცელებისკენ უბიძგა.
IV. იმეილ მარკეტინგი – „შესაწირად დაკლიკეთ აქ“
ობამამ 2012 წელს 690 მილიონი დოლარი ინტერნეტით შეაგროვა, რაც თითქმის 200 მილიონით მეტია, ვიდრე პირველი საპრეზიდენტო კამპანიის დროს შეგროვილი. საშუალო შემოწირულება, $126-დან $156-მდე მერყეობდა. როგორ მოახერხა ობამას გუნდმა ეს? EngageDC-ის მიხედვით, ეს სამსაფეხურიანი პროცესის შედეგია: გააგზავნა ბევრად მეტი ელ.წერილი, ვიდრე 2008 წელს; ყველაფერი სცადა; ამომრჩეველს აფიქრებინა, რომ აგებს.
მხოლოდ ელ.ფოსტაზე18-კაციანი გუნდი მუშაობდა, რომლებმაც შეიმუშავეს ალგორითმები, რათა დაედგინათ, რომელი ფრაზები უბიძგებდა მკითხველს შემოწირულებისკენ.
ფაქტია, რომ ხალხს მოეწონა ბარაკ ობამას თანამედროვე სტილი, ტექნოლოგიასთან ურთიერთობა და ის, რომ ძალიან ჰგავდა მათ. ის ისე დაიდო სმარტფონით, როგორც რიგითი ამერიკელი. საბოლოო ჯამში, ისტორია 44-ე პრეზიდენტს ონლაინ რეჟიმში შეაფასებს.
შენ კი, თუ ციფრული მარკეტინგი გაინტერესებს, გაიგე კურსის შესახებ აქ.
მოამზადა მარიამ ელიაშვილმა